როდის გადაიხურება გელათი | რას ამბობენ სააგენტოში

ქრისტინე მუჯირი

გელათის მონასტერში ხარვეზით ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოები უკვე დიდი ხანია საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტების ყურადღების ქვეშ მოექცა. ზამთრის დადგომასა და ამინდის გაუარესებასთან ერთად საზოგადოება ელოდებოდა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი არქიტექტურული ობიექტები დროებითი გადახურვის ქვეშ სრულად მოექცეოდა.

2020 წლის თებერვალ-მარტში გამოვლენილი დაზიანებების გათვალისწინებით,  დადგინდა,  რომ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული კრამიტი, რომელიც ტაძრის ეკვდერების, ნართექსისა და საკურთხევლის გადახურვებისთვის იყო გამოყენებული, დაბალი ხარისხისაა, რამაც ინტერიერში წყლის ჩაჟონვა და კედლის მხატვრობის დაზიანება გამოიწვია. ხარვეზების სათანადოდ იდენტიფიცირებისა და კვლევებისთავის საჭირო გახდა მისი დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცევა. კომპანიამ, რომელიც გელათში მუშაობდა, სააგენტოსთან და მის სპეციალისტებთან თანამშრომლობით გადაწყვიტა, რომ გელათის მთავარი ტაძარი თუნუქის სახურავით დროებით გადაეხურა, რაც ასევე კრიტიკის საგანი გახდა.

რა ვითარებაა ახლა გელათში? რატომ არ არის ჯერ კიდევ სრულად გადაუხურული გელათი და როდის დასრულდება გადახურვის პროცესი? „პუბლიკამ“ ამ კითხვებით კულტურული მემკვდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს, ბექა ბარამიძეს მიმართა.

„გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ტეროტორიაზე  საჭიროების წინაშე მდგარი ყველა არქიტექტურული სეგმენტი წლის ბოლომდე დროებითი გადახურვის ქვეშ მოექცევა. თუნუქის მყარი სახურავით ამჯერად მთავარი ტაძრის ოთხივე მკლავი დაიფარება, რომლის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია სააგენტოს საბჭოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების სექციაზე უახლოეს დღეებში შეთანხმდება“, – განაცხადა ბექა ბარამიძემ.

მისი თქმით, მიმდინარე კვირაში თუნუქის სახურავით გადახურვაზე სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ნებართვას მიიღებს და სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, გადახურვის პროცესი 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

„ამ სამუშაოების დასრულების შემდგომ ჩვენ უკვე თამამად შეგვეძლება იმის თქმა, რომ გელათის  ინტერიერი მომდევნო ზამთრისთვის აბსოლუტურად დაცული იქნება წყლის შესაძლო ინფლიტრაციისგან და გელათის უნიკალური მხატვრობა დაცული იქნება გარე ზემოქმედებისგან“, – განაცხადა მან.

კითხვაზე, რატომ გაიწელა გადახურვის პროცესი, ბარამიძე აცხადებს, რომ შემსრულებელი კომპანიისთვის დაუსაბუთებელი აღმოჩნდა სააგენტოს მიერ გელათის მთავარი ტაძრის 4-ივე მკლავის გადახურვის მოთხოვნა. მისი თქმით, მათ ჰქონდათ გარკვეული წინააღმდეგობა, რომელიც სააგენტოს დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა. ამ გადაწყვეტილების მიხედვით შემსრულებელი კომპანია ეკლესიას თუნუქის დროებითი სახურავით გადახურავს.

„შემსრულებელ კომპანიას ჰქონდა გარკვეული წინააღმდეგობა, რაც ითვალისწინებდა იმას, რომ მისთვის დაუსაბუთებელი იყო გარკვეულ ეტაპზე მკლავების დროებითი გადახურვის მოწყობა. დღევანდელ შეხვედრაზე ამ ტიპის წინააღმდეგობები მოიხსნა. მათ სააგენტოს სპეციალისტების მხრიდან დაუსაბუთდათ ის აუცილებლობები, რომლებიც ზამთრის სეზონზე სრული პრევენციის თვალსაზრისით საჭიროებას წარმოადგენდა“, – განაცხადა მან.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, დროებითი გადახურვის მოწყობის შემდეგ 5-6 თვის განმავლობაში სპეციალისტები შეისწავლიან კრიტიკულ სეგმენტებს, რათა გამოვლინდეს ის ადგილები, საიდანაც წყალმა გაჟონვა დაიწყო და ინტერიერში შეაღწია. ამ ადგილების გამოვლენის შემდეგ შემსრულებელი კომპანია „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ უზრუნველყოფს უხარისხო კრამიტის ჩანაცვლებას.

„გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე თუნუქის  დროებითი გადახურვა ახალი კრამიტით სრულად ჩანაცვლებამდე შენარჩუნდება, რომლის ხარისხიც  ლაბორატორიული კვლევითა და საექსპერტო დასკვნებით იქნება დამოწმებული“, – აცხადებენ სააგენტოში.

ბექა ბარამიძის თქმით, სააგენტო არ იზიარებს იმ ოპონენტების მოსაზრებას, რომლებიც აცხადებენ, რომ გელათის კომპლექსი გამოვლენილი ხარვეზების  შემდეგ უნდა მოქცეულიყო ერთიანი გადახურვის სისტემის ქვეშ, „ქოლგის“ ქვეშ; რომ მისი გადახურვა თუნუქის სახურავით არ შეიძლებოდა. როგორც ბარამიძე განმარტავს, სააგენტოს გადაწყვეტილება, რომ ის გადახურულიყო თუნუქით, ეყრდნობოდა სპეციალისტების რეკომენდაციებს.

„სპეციალისტების, არქიტექტორების, რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ერთსულოვანი რეკომენდაციით, მსგავსი კონსტრუქციის მოწყობა [ერთიანი საბურველის ქვეშ მოქცევა] გელათის ტაძარზე არ იქნებოდა მიზანშეწონილი. რადგან ამ შემთხვევაში გელათზე უნდა მოწყობილიყო ურთულესი კონსტრუქციის ხარაჩო, რომელიც უნდა ჩამაგრებულიყო გელათის ტაძრის სტრუქტურაში. ეს იქნებოდა რისკის მატარებელი. ურთულესი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ქარისა და წვიმის გამო, გამოიწვევდა მძლავრ ვიბრაციებს, რაც ტაძრის სტრუქტურას დააზიანებდა“, – განაცხადა ბექა ბარამიძემ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, მსგავსი ტიპის ხარაჩოს დამზადებას დასჭირდებოდა დიდი დრო, ის უნდა დამზადებულიყო საზღვარგარეთ.

„მისი ტრანსპორტირებისა და მოწყობის თვალსაზრისით ეს იქნებოდა დროში განგრძობითი პროცესი, დაახლოებით 1 წელი და 6 თვე“, – თქვა მან.

მისი თქმით, მომდევნო სამი კვირის განმავლობაში ლურჯი ტენტი საერთოდ მოიხსნება და გელათი თუნუქის გადახურვის ქვეშ მოექცევა.

ბარამიძემ აღნიშნა, რომ პარალელურად, მიმდინარე კვირას მთავარი ტაძრის ინტერიერში  სპეციალისტები მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მონტაჟს დაიწყებენ, რის მეშვეობითაც გაკონტროლდება ტენიანობა და ძეგლის სტრუქტურის კონსტრუქციული მდგრადობა.

სააგენტოს წარმომადგენელი გელათში გამოვლენილ ხარვეზებზე პასუხისმგებლობას შემსრულებელ კომპანიას აკისრებს, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ ამ ხარვეზების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი იყო.


გელათში მიმდინარე პროცესებზე პერიოდულად განცხადებებს ავრცელებდნენ დარგის სპეციალისტები და სხვადასხვა ორგანიზაცია. მაგ: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გასულ თვეში მიმართა პროკურატურას, ორგანიზაციამ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანებაზე გამოძიება მოითხოვა.

პროკურატურისადმი გაგზავნილ წერილში, საია მიუთითებს, რომ სააგენტო გელათში მომხდარს „ხარვეზებს“ უწოდებს. მათი თქმით, მიმდინარე პროცესებიდან ცხადად ჩანს, რომ ეს სცდება „ხარვეზს“ და საქმე ეხება ძეგლის დაზიანებას, რომელიც დასჯადია.

ოქტომბერში განცხადება გაავრცელა ასევე ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ეროვნული კომიტეტმა „ICOMOS საქართველომ“.  განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძეგლის ნაწილობრივი გადახურვა ვერ უზრუნველყოფს კედლის მხატვრობის სრულ დაცვას. ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე აუცილებელია სრული, საიმედო გადახურვა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება დაზიანების სრულყოფილად შესწავლა.