ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი მიიღო.
ძირითადი შემაჯამებელი შედეგები ოქმიდან ცესკოს მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმა გამოაცხადა.
„ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 511 853 ამომრჩეველი.
პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა იყო 1 992 891;
საარჩევნო სუბიექტებიდან ცხრამ გადალახა ბარიერი, მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, პროცენტები და მანდატები შემდეგია:
⚫ „ევროპული საქართველო“ – 72 986 ხმა, 3.79%; 5 მანდატი.
⚫ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – „ძალა ერთობაშია“ – 523 127 ხმა; 27.18%; 36 მანდატი;
⚫ „პატრიოტთა ალიანსი“ – 60 480 ხმა, 3.14%, 4 მანდატი;
⚫ „ლეიბორისტული პარტია“ – 19 314 ხმა, 1%, 1 მანდატი;
⚫ „მოქალაქეები“ – ალეკო ელისაშვილი – 25 508 ხმა, 1.33%, 2 მანდატი;
⚫ „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 60 671 ხმა, 3.15%, 4 მანდატი;
⚫ „გირჩი“ – 55 598 ხმა, 2.89%, 4 მანდატი;
⚫ „ქართული ოცნება“ – 928 004 ხმა, 48.22%, 60 მანდატი [პლუს 30 მაჟორიტარი];
⚫ „ლელო“ – 60 712 ხმა, 3.15%, მანდატი 4;
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, 30 მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარებად არჩეულები არიან „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატები“, – განაცხადა მან.
ცესკოს მდივანმა აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი და განმეორებითი კენჭისყრა არ გამართულა #11 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქის 46-ე უბანზე;
მხოლოდ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით #12 მაჟორიტარული ოლქის 87-ე უბანზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი მაჟორიტარული და ასევე პროპორციული შედეგები;
ცესკოს სხდომა დაწყებამდე დატოვეს ცესკოს ოპოზიციონერმა წევრებმა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „პატრიოტთა ალიანსის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა, დავით კირთაძემ, დავით გურგენიძემ და ხათუნა სხირტლაძემ განაცხადეს, რომ გაყალბებული და დარღვევებით ჩატარებული არჩევნების შედეგების დამტკიცებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
დავით გურგენიძემ, რომელმაც სხდომის დაწყებამდე საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებები წაიკითხა, დარბაზიდან გასვლის წინ ცესკოს ლოგოს მიაკრა ფურცელი წარწერით: „არჩევნები გაყალბებულია“.
სხდომის პარალელურად, აქტივისტების აქცია-პერფორმანსი გაიმართა ცესკოს შენობასთან. მათ იქ მიიტანეს სიმბოლური ნივთები და ბანერები, რომლითაც გამოხატეს, რომ არჩევნები დაყალბებულია და ამაში თამარ ჟვანიას როლი დიდია.