– ვერა ვარ კარგად, ბიძი! – ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა ხმამ ჩემი მობილურის სპიკერიდან. ამოსუნთქვას ამოყოლილი სუსტი ბგერები იმდენად შორიდან ჩამესმა, რომ ინსტიქტურად ეკრანს დავხედე, Wi-Fi-ს სიგნალი ხომ არ ურევს-მეთქი.
ბიძაჩემი იმ ადამიანთა რიგს არ განეკუთვნება, საკუთარ ტკივილსა თუ ავადმყოფობას მარტივად რომ არც ამჩნევს და არც აჩენს. ჩვენი დიალოგები ერთმანეთის ზოგადი მოკითხვის შემდეგ ყოველთვის ექიმი-ურჩი პაციენტის საუბარში გადაიზრდება ხოლმე და ბოლოს სულ დაპირებებით სრულდება: კი, მივალ და ვეჩვენები ექიმს. არც ამჯერად ნახავდა ვინმეს, მაგრამ „გაციებაზე“ რამდენიმედღიანმა უშედეგო თვითმკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და ახლა უკვე იგივე ჩივილები ბიცოლაჩემსა და ბიძაშვილებსაც აღენიშნებოდათ.
მთელ ამ ამბავს ირონიულ ელფერს ერთი გარემოება სძენს – ბიძაჩემს კორონავირუსის არსებობის არ სჯეროდა.
კორონავირუსის გამოჩენას თითქმის ყველა ქვეყანა ერთნაირად შეხვდა: პანიკით და ტუალეტის ქაღალდის დეფიციტით. გამონაკლისი არც ჩვენ ვყოფილვართ. უკვე იმდენი რამ გადაგვხდა თავს, რომ მაღაზიებში, სალაროსთან სავსე კალათებით მდგომი ადამიანებისა და ცარიელი დახლების სურათები ძალიან შორეულ წარსულად გვეჩვენება. ასე განსაჯეთ და არც პირველი დადასტურებული შემთხვევის თარიღი გამახსენდა. 26 თებერვალი ყოფილა, თურმე. გახსოვთ, ექიმებმა სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტზე რომ დაიწყეს საუბარი? ისე მოხდა, რომ აფთიაქებში პირბადე აღარ იშოვებოდა და ხალხიც უკვე სამშენებლო მაღაზიებში გამოტანილ ტექნიკურ ნიღბებს ირგებდა.
მაინც რატომ იყო პანდემიის მიმდინარეობა ყველა ქვეყნისთვის ასეთი უნივერსალური? როგორ მოხდა, რომ ევროპის ქვეყნების დაცარიელებულ დახლებზე ირონიულად მოღიმარნი ჩვენც აურაცხელი ტუალეტის ქაღალდით ხელში აღმოვჩნდით სალაროს რიგში? ან როგორ მოხდა, რომ სხვა ქვეყნებში შემთხვევების ექსპონენციური ზრდის შემყურეებს პირბადის გაკეთება მაინც გვეზარება და ყოველდღიური, ათასობით ახალი შემთხვევის მიუხედავად, ღამით მეტ-ნაკლებად მშვიდად გვძინავს?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, უნდა გავერკვეთ, როგორ რეაგირებს ჩვენი ტვინი მსგავს გამღიზიანებელზე.
- პანიკის ანატომია
შიში და შფოთვა ადამიანის ევოლუციის ლოკომოტივია. ჰომო-საპიენსს უშუალო საფრთხესთან პირდაპირი კონფრონტაციის დროს დროული რეაქციაც უნდა ჰქონოდა და ამასთანავე თავისი სამომავლო ნაბიჯები ისე უნდა დაეგეგმა, რომ მოსალოდნელი საფრთხის რისკებიც გაეთვალა. მისთვის შიშიც და შფოთვაც სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელი გახლდათ.
ხშირად ისე ხდება, რომ შფოთვასა და შიშს ერთმანეთში მარტივად ვურევთ, რადგანაც მათ მიერ გამოწვეული რეაქციები ერთმანეთს ზოგჯერ ძალიან ჰგავს. მარტივი მაგალითი მათ შორის განსხვავებას უფრო თვალსაჩინოს გახდის: თუ ქუჩაში მოულოდნელად ძაღლი გადმოგიხტებათ და დაგიყეფთ, თქვენ შეშინდებით. თუ ძაღლი თქვენგან ძალიან შორს არის, მაგრამ თქვენ შიშობთ, რომ ის ახლა გამოიქცევა და ყეფას დაგიწყებთ – ეს უკვე შფოთვაა.
ემოციებზე პასუხისმგებელი ჩვენს ტვინში არსებული სპეციფიკური რეგიონი, ამიგდალა, ანუ იგივე ნუშისებრი სხეული გახლავთ. როცა რაიმე საშიშს ვხედავთ, გვესმის ან ვგრძნობთ, ეს უკანასკნელი მყისიერად აქტიურდება. ამიგდალა ცდილობს, საფრთხეს რაც შეიძლება სწრაფად გაგვარიდოს, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეგ, მისთვის მეორეხარისხოვანია. ამისთვის იგი სტრესის ჰორმონებს იყენებს, რაზეც შესაბამის პასუხს სიმპათიკური ნერვული სისტემა იძლევა. ამ დროს ჩვენ ვდგებით არჩევნის წინაშე: შიშთან დაპირისპირება, ან მისგან გაქცევა. ამიტომაც არის ხოლმე, რომ ზოგიერთი ადამიანი მისკენ საკბენად გამოქცეული ძაღლისგან გარბის, ზოგიც კი პირიქით, აგრესიულად უტევს მას.
ჩვენ ზედმეტად გონიერნი ვართ იმისთვის, რომ საკუთარი ქცევები მხოლოდ ემოციებს მივანდოთ. სწორედ აქ ირთვება შუბლისწინა ქერქი, რომელიც ქცევის მაკონტროლებლის ფუნქციას იკავებს. თუკი ამიგდალა ემოციურ მხარეზეა პასუხისმგებელი, შუბლისწინა ქერქი მის შეკავებაზე, ლოგიკურ გადაწყვეტილიბებს განაგებს. სწორედ ის გვაიძულებს, რომ წინასწარ განვსაზღვროთ საფრთხეები და მხოლოდ ემოციურ ფონზე არ დავიწყოთ ინსტიქტური მოქმედება.
შფოთვის დროს იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ტვინის დაგეგმასა და გადაწყვეტილების მიმღები უბნების რჩვებს მოვუსმინოთ, მთლიანად ამიგდალადან წამოსულ იმპულსებზე ვკონცენტრირდებით. ჩვენი გონება მოვლენების განვითარების ერთმანეთზე უფრო საშიშ სცენარებს ამუშავებს და ფიქრს სრულად აკონტროლებს ემოცია. ტვინის სხვა ნაწილებში გაჩაღებული იმპულსური გასროლებით იბნევა შუბლისწინა ქერქი, რის გამოც რაციონალური გადაწყვეტილების მიღება გვიჭირს.
პანიკა მაშინ იწყება, როცა ამ სისტემის ნეირონულ ქსელში „მოკლე ჩართვა” ხდება. მარტივად რომ ვთქვათ: პანიკა მაშინ ყალიბდება, როცა ჩვენი ტვინის რაციონალურ უბანს ემოციებზე პასუხისმგებელი უბანი დაჯაბნის. იგი იმდენად მწვავეა, რომ ამიგდალა ჩვენი მართვის სადავეებს თავის ხელში იღებს.
შვედი რეჟისორის, რუბენ ოსტლუნდის ფილმში „ფორსმაჟორი” ახალგაზრდა შვედების ოჯახი საფრანგეთის ალპებში, სასტუმროს ტერასიდან კონტროლირებად ზვავს ადევნებს თვალს. უეცრად მთელი ეს პროცესი გროტესკულ სახეს იღებს: განცდა ჩნდება, რომ კონტროლი იკარგება და სასტუმროსკენ წამოსული თოვლის მასა ტერასას დაეჯახება. საყოველთაო პანიკაში მთავარი მოქმედი პერსონაჟი ინსტიქტურად გარბის და, როცა ყველაფერი მშვიდობიანად ჩამთავრდება, მერე ახსენდება, რომ მეუღლე და ორი შვილი უკან მოიტოვა.
„პანიკა არა ანტისოციალური, არამედ ასოციალური ქცევაა. იგი სოციალური ნორმების დეზინტეგრაციაა… ხანდახან მას უმძლავრესი პირველყოფილი ჯოგური კავშირების გაწყვეტაც კი შეუძლია”, – აღნიშნავდა სოციოლოგი ენრიკო ქუარანტელი თავის 1954 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „ბუნება და პანიკური მდგომარეობა”. სწორედ ამიტომ მოუწოდებენ მთავრობები მოქალაქეებს, რომ პანიკური შესყიდვები შეწყვიტონ და სხვათა საჭიროებებზეც იფიქრონ.
თავისი არსით პანიკა ხანგრძლივ, სტრესულ გარემოში გამოუსადეგარია. სწორედ ამ დროს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ შუბლისწინა ქერქმა დაკარგული სადავეები ხელში აიღოს და ჩვენ ქცევაზე კონტროლი აღადგინოს. იგი რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებას, რისკების ჯეროვან შეფასებასა და ასოციალური ქცევის სოციალურ ჩარჩოებში მოქცევას იწყებს.
- პანდემიასთან ემოციური ადაპტაცია
„იტირეს, იტირეს და შეეჩვივნენ… რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს ადვილად ეჩვევა!”, – წერდა თეოდორ დოსტოევსკი თავის ნაწარმოებში „დანაშაული და სასჯელი”. ძნელად საფიქრებელია, რომ მას თავისი ემპირიული დაკვირვების სამეცნიერო საფუძვლები გამოეკვლია, მაგრამ გასაკვირი სულაც არ არის, რომ მწერლის თვალი ბევრ ადამიანურ დეტალს ძალზედ ზუსტად აშიშვლებდა.
ევოლუციის შესახებ ლიტერატურის კითხვა ადაპტაციის დიდი და ხანგრძლივი ისტორიის თვალიერებას ჰგავს. ასე რომ, დოსტოევსკი ძალიან ზუსტად შენიშნავდა: რაიმესთან შეჩვევა ჩვენში საზიზღრად ორგანულად ზის.
ამ ყოველივეში კი უდიდესი როლი ჩვენი ტვინის შუბლისწინა ქერქს მიუძღვის. იგი საკუთარ თავზე ერთგვარი მენეჯერის, დამრეგულირებლის ფუნქციას იღებს. თუკი ამიგდალა შეშინებულ ბავშვს ჰგავს, რომელსაც საწოლის ქვეშ მონსტრი მოელანდა, შუბლისწინა ქერქი უფრო მშვიდი უფროსია, რომლისთვისაც მონსტრების შიშის გაქრობა ყოველდღიური საქმიანობად ქცეულა.
ამიგდალას და შუბლის წილს ერთმანეთთან კავშირი ჰიპოკამპის დახმარებით აქვთ. ეს უკანასკნელი ლიმბური სისტემის ცენტრალურ სტრუქტურას წარმოადგენს და იგი მარჯანს შეფარებული ცხენთევზას მსგავსად არის გაწოლილი საფეთქლის წილის შიგნითა მხარეს. ჰიპოკამპს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია – იგი კონტექსტური შიშის დამმახსოვრებელია. ჩვენ ყოველდღიურ საფრთხეებთან გაცნობა არ გვჭირდება, ისედაც კარგად გვაქვს დასწავლილი, რისგან რას შეიძლება ველოდოთ. საკმარისია, ერთხელ მაინც დაეწვას ბავშვს ხელი ცეცხლის ალზე, მეტჯერ მისთვის იმის გამეორება აღარ დაგჭირდებათ, თუ რა საშიშია ცეცხლთან თამაში – ჰიპოკამპმა ნანახს მტკივნეული კონტექსტი უკვე მიაკერა და იგი მეხსიერებაში ღრმად ჩაბეჭდა. მიუხედავად ამისა, ხელს მაინც ვიწვავთ ხოლმე, ზოგჯერ სრულიად შემთხვევით, ზოგჯერ კი – ჩვენივე დაუდევრობით.
გარკვეული პერიოდის შემდგომ, ჩვენი ორგანიზმი სტრესის დღიურ დოზას ეჩვევა. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის შესახებ ყოველდღიურად კი გვესმის, მას ფიზიკურად მაინც ვერ ვგრძნობთ, რაც სტრესული გამღიზიანებლის მიმართ ჩვენს პასუხზეც ახდენს გავლენას. თუკი აქამდე დაპანიკებული ამიგდალასა და ჰიპოკამპის მიერ მინიჭებული კონტექსტის იმედად ვიყავით, უკვე საქმეში შუბლისწინა ქერქი ერთვება და იგი ცდილობს, რომ ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილებების ლოგიკურობა გააანალიზოს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ცხელ გულზე გამოტანილ დასკვნებს ცივი გონება უწევს კონტროლს. ასეთ დროს შუბლისწინა ქერქი ჰიპოკამპსაც დაიხმარს და უკეთ დასამუშავებელ, ლოგიკურ კონტექსტებს აყალიბებს. ერთი მხრივ ეს ძალიან სასარგებლოა, რადგანაც ზუსტი საფრთხეების ამოცნობას და მათზე რეაგირებას ვსწავლობთ. მეორე მხრივ კი ჩვენი გონება გამამართლებელი მიზეზების ძებნას იწყებს. მაგალითად, თუ პირველი ლოქდაუნის დროს სახლიდან მხოლოდ ერთხელ ჩადიოდით მაღაზიაში, რადგანაც ეს ასე უფრო უსაფრთხო ჩანდა, ახლა შეიძლება სხვა მიზეზებს იგონებდეთ ზედმეტი „მოგზაურობისთვის” – „თრომბის ჩამოყალიბებას ფეხით სიარული უშლის ხელს”, „D-ვიტამინის დღიური დოზა მჭირდება”, „ამ ერთხელაც არაფერი დაშავდება” და ა.შ
მთელ ამ პროცესს თავისი სახელი აქვს: კარანტინული გადაღლა. მისი ავტორი ნორთვესტერნის უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგი, ჟაკლინ გოლანი გახლავთ. იგი აღნიშნულ ფენომენს უკვე წლებია აკვირდება და მის მიერვე აღწერილ მდგომარეობას ყურადღების მოდუნებას ან ყურადღების გადაღლას უწოდებს. როგორც ირკვევა, თავის ტვინში მიმდინარე ზოგიერთი პროცესისას ადამიანი მის წინაშე არსებულ რისკებს ჯეროვნად აღარ აფასებს, რასაც საბოლოოდ გააზრებულ, პროვოკაციულ ქმედებებამდე მივყავართ.
ერთი შეხედვით უცნაურად და არაპრაგმატულად გეჩვენებათ? უბრალოდ პანდემიამდე არსებული ყოველდღიური ცხოვრების რომელიმე დილა წარმოიდგინეთ: მაღვიძარა რეკავს, მაგრამ სულ რაღაც 5 წუთით წაძინებისთვის მზად ხართ რომ ყველაფრით გარისკოთ. რა მიზეზს მოუფიქრებთ საკუთარ თავს ზედმეტი რამდენიმე წუთი ძილისთვის?
კორონავირუსის სრულიად უცნობმა ბუნებამ დიდი როლი ითამაშა ადამიანების ყურადღების მიქცევის საქმეში – სრულიად ახალი, აქამდე უცნობი საფრთხე უკვე ძალიან საინტერესო გახლდათ. მასთან ბრძოლის პირველი კვირების განმავლობაში ადამიანები თავს დამუხტულად, ენერგიულად გრძნობდნენ, მაგრამ დროის დენასთან ერთად კორონავირუსი არსად გაქრა. მის შესახებ მიღებულმა ინფორმაციის დღიურმა დოზამ სულ უფრო იმატა და რაღაც მომენტში ამ ყოველივეს ატანა ჩვენთვის ზედმეტად დამღლელი გახდა. ამის გამო ტვინმა პოტენციური სასიკვდილო ვირუსის საფრთხის უგულვებელყოფა დაიწყო.
ამ თვითდაჯერებას ერთმა მცირე დეტალმაც შეუწყო ხელი: პირველი ლოქდაუნის დროს დაინფიცირებულიც სანთლით საძებნი იყვნენ – არავინ იცნობდა არავის, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ამას ისიც ემატება, რომ რადგანაც ვირუსულ საფრთხეს თვალით ვერ ვხედავთ, მისი უგულვებელსაყოფაც ძალიან მარტივია. რა თქმა უნდა, ამ ყალბმა კონტექსტმა უსაფრთხოების განცდა გააჩინა და აქედან გამომდინარე, პრევენციული წესების დარღვევა უფრო გაგვიმარტივდა. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ვირუსის გაქრობას არავინ ელოდა, ცხელი, მზიანი დღეები მაინც ძველი, კორონამდელი ცხოვრების ნოსტალგიურ სიმულაციად მოგვევლინა.
რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, როგორც ჩანს ჩვენი მტერი ჩვენივე ტვინი ყოფილა. თუმცა, უშრეტი ფანტაზიის მიუხედავად, ყოველდღიურად ახალი, გამამართლებელი კონტექსტების მოძიება რთული ხდება – ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სინდისის ქეჯნას მაინც ვერ დავემალებით. ამიტომაც, ტვინს უფრო მძლავრი გამღიზიანებელი სჭირდება, რაც მას უფრო საიმედო დაცვით უზრუნველყოფს. საქმეში პოლიტიკური იდეოლოგია იწყებს ჩართვას.
- პოლიტიკა VS სიფრთხილე
საპრეზიდენტო თვითმფრინავი დეტროიტში ეშვებოდა, როცა დონალდ ტრამპმა საკუთარ მრჩევლებს ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ, შესაძლოა, მის პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე გარდამტეხი შეკითხვა დაუსვა: „როგორ ფიქრობთ, პირბადე უნდა გავიკეთო?”
იგივე კითხვა ჰქონდა თავის მრჩევლებთან ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც, რომელიც ვილმინგტონში, ვეტერანთა მემორიალურ დღეზე სიტყვით უნდა გამოსულიყო. დღის მიწურულს, როცა მისი პირბადე ოპონენტების მხრიდან მასიური დაცინვის მიზეზი უკვე გამხდარიყო, აშშ-ის აწ უკვე არჩეულმა პრეზიდენტმა დატვიტა: „ატარე პირბადე”. ამ მომენტიდან ტრამპის ცალმხრივ თამაშს ჯეროვანი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა: პირბადის ტარება უკვე პოლიტიკური მნიშვნელობის გახდა.
ისტორიულად, მედიცინისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან გამიჯვნა თითქმის შეუძლებელია, როცა საქმე ეპიდემიებსა თუ პანდემიებს ეხება. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი 1918 წლის ესპანური გრიპის პანდემია გახლავთ, რომელსაც ამგვარი სახელი იმიტომ კი არ დაერქვა, რომ ესპანეთში გავრცელდა, არამედ იმიტომ, რომ ესპანური პრესა მის შესახებ დაუფარავად წერდა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ცენზურა მკაცრად მუშაობდა. მიმდინარე მსოფლიო ომის პირობებში, პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის ბრძანებით აშშ-ში ესპანური გრიპის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მკაცრად შეიზღუდა. როცა ვირუსმა ჯერ სამხედრო ბაზებში, ხოლო შემდგომ უკვე დიდ ქალაქებში დაიწყო გავრცელება, ოფიციალური პირები პოტენციურ საფრთხეებზე ზედაპირულად საუბრობდნენ. ამგვარ დამოკიდებულებას 675 ათასი ამერიკელის სიცოცხლე შეეწირა. იგივე განმეორდა შიდსის ეპიდემიის დროსაც, როდესაც პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ადმინისტრაცია აღნიშნულ საკითხს დამცინავი აგდებულობით მიუდგა.
გამონაკლისი არც მიმდინარე პანდემია გახლავთ. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, კორონავირუსს მუდმივად გრიპის ვირუსს ადარებდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი სასიკვდილო პოტენციალის შესახებ ინფორმაცია საკმაოდ ადრიდანვე ჰქონდა. იმავე ტაქტიკას იყენებდა ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუც, რომელიც კორონავირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობაში ყოველთვის მედიის ისტერიულ კვალს ხედავდა. აშშ და ბრაზილია უკვე დიდი ხანია COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკას სათავეში უდგანან და ცოტათი ირონიულია ის ფაქტიც, რომ ორივე პრეზიდენტმა COVID-19 თავადაც გადაიტანა.
– იცით, მე…, – ფრაზა ბოლომდე ვერ დაასრულა, ისე ჩაიქნია ხელი და ირონიულად, ცალყბად გაეღიმა ექიმ ენტონი ფაუჩის, რომელსაც ოჰაიოელ კონგრესმენ ჯიმ ჯორდანთან კამათი უკვე მოსწყენოდა. კამათი ნაკლებად, უფრო წყლის ნაყვას ჰგავდა კონგრესში მათი დაპირისპირება. ჯორდანს ფაუჩისთან ორი კითხვა ჰქონდა მხოლოდ: ზრდის თუ არა საპროტესტო გამოსვლები კორონავირუსით ინფიცირებას და უნდა შეზღუდოს თუ არა მთავრობამ საპროტესტო გამოსვლები?
როდესაც საუბარი კორონავირუსის პანდემიის მართვას ეხება, პოლიტიკური მსოფლმხედველობა მართლაც რომ გარდამტეხ როლს თამაშობს. თუკი ეპიდემიოლოგები და ექიმები მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემენ, მათ აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა. რომელიმე ერთი ქვეყნის წარმატებული მიდგომა Copy-Paste პრინციპით ვერ იქნება სხვაგან გადმოღებული.
ჩინეთის თავდაპირველ მკაცრ ლოქდაუნს ბევრი „დრაკონულს” უწოდებდა და მისი ევროპაში გადმოტანა ვერც წარმოედგინა. მოგვიანებით გამოჩნდა, რომ ეს პანდემიის მართვის პირველი ნაბიჯი გახლდათ, მაგრამ არა პრობლემის საბოლოო გადაწყვეტა. პირველი შეზღუდვებისგან გათავისუფლების შემდეგ ჩატარებულმა ანალიზმა გამოკვეთა, რომ აზიური ქვეყნები, რომელთაც ეპიდემიების წარსული გამოცდილება აქვთ, უკეთ ახერხებენ მსგავსი კრიზისების მართვას, რაშიც მათ საზოგადოების წინასწარგანწყობაც ხელს უწყობთ – მოქალაქეები მკაცრ კარანტინულ შეზღუდვებს ადვილად ემორჩილებიან და საკუთარ უფლებებს საყოველთაო კეთილდღეობისთვის მარტივად თმობენ. ამის საპირწონედ, შვედეთმა მკაცრი ღონისძიებების გატარებაზე საერთოდაც უარი თქვა, რაც იმით ახსნეს, რომ „მთავრობა ყველაფერს ვერ დაარეგულირებს და აკრძალავს”.
პანდემიის მენეჯმენტზე კამათისას მნიშვნელოვანია კონტექსტები არ აგვერიოს: არაეფექტიანად გატარებული მკაცრი ზომების კრიტიკისას „კორონავირუსი არ არსებობს” ან „ლოქდაუნი საერთოდ არ მუშაობს” დებულებებამდე არ უნდა მივიდეთ. ერთი რამ ცხადია: ყოველთვის, როცა კორონავირუსის საფრთხე ჯეროვნად არ შეფასდა, შედეგები ძალზედ ტრაგიკული გამოდგა.
- გამოსავლის ძიებაში
კუნძულ სუმატრაზე მცხოვრებ ორანგუტანგებს მძიმე და სტრესული ცხოვრება აქვთ. დედები თავიანთ ნაშიერს ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში, 9 წელი, უწევენ მეთვალყურეობას და მათ შორის მტკიცე ემოციური კავშირი სიცოცხლის ბოლომდე ნარჩუნდება. სწორედ მშობლის მიერ გადაცემული ჯეროვანი ცოდნა არის პატარა ორანგუტანგის გადარჩენის საიდუმლო, სადაც საკვანძო როლს მტაცებლის დროული ამოცნობა და თავდაცვის ღონისძიებების ეფექტიანი გატარება თამაშობს.
ორანგუტანგების კომუნიკაციის შემსწავლელ მეცნიერთა ჯგუფმა ორიგინალური ექსპერიმენტი მოიფიქრა. მათ პრიმატების საცხოვრებლთან ვეფხვის მიახლოება გაითამაშეს და ორანგუტანგების რეაქციას დააკვირდნენ. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ეს უკანასკნელნი საფრთხის დანახვის დროს განგაშს მაშინვე არ ტეხენ. დედა-ორანგუტანგი რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩუმად აკვირდება „ვეფხვს” და როცა ის „მიიმალება” (მეცნიერები მას უკან გაათრევენ), მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ ისეთი განგაშის ხმების გამოცემას, თითქოს ისინი საფრთხეს ახლა, ცოცხლად ხედავენ. ამ მოვლენას ჩვენ ყოველდღიურობაში მუდმივად ვიყენებთ: წარსული დროის ანალიზი ხომ არსობრივად იგივე რამ არის. როგორც ჩანს, მაღალგანვითარებულ პრიმატებს დროსა და სივრცეში ანალიზის კარგი უნარი შესწევთ.
გამოცდილი ორანგუტანგი ჯეროვნად აფასებს საფრთხეს, აკვირდება მის დინამიკას და აფასებს რისკს, რის წინაშეც შეიძლება მისი ნაშიერი აღმოჩნდეს. ნაჩქარევი პანიკა მას შეიძლება ცუდად მოუბრუნდეს – ხმაურზე ვეფხვი შეიტყობს, რომ ის დაინახეს, რამაც მას აგრესიული თავდასხმისკენ შეიძლება უბიძგოს. რადგანაც ეს უკანასკნელი მსხვერპლს ახლო მანძილიდან იჭერს, მას კარგი ჩასასაფრებელი ადგილის მოძიება სჭირდება. ეს კარგად იცის დედა ორგანგუტანმაც და იქნებ სწორედ ამიტომ ხდება, რომ მისი თვალთახედვის არიდან გაქრობა უფრო საგანგაშოა. ამგვარად, დედა-პრიმატი შვილს ასწავლის, რომ ხილულ ვეფხვზე უფრო საშიში ჩასაფრებული ვეფხვია და სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციის ადეკვატური შეფასება მასზე სწორად რეაგირების საშუალებას იძლევა, რაც თვითგადარჩენისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა.
საფრთხეების ჯეროვანი ანალიზი და მასზე საპასუხო რეაგირება ჰომო-საპიენსის წარმატების საიდუმლოა და იგი ჩვენში ორგანულად, ძალიან ღრმად ზის. როცა ადამიანს საფრთხე ემუქრება, იგი ხშირად განტევების ვაცის ძებნას იწყებს. სულ ასე იყო: ამერიკელები ქოლერას პანდემიას ებრაელ ემიგრანტებს აბრალებდნენ, ბუბონურ შავ ჭირს – ჩინელებს, ხოლო აივ/შიდსს – გეებს. პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, დევიდ ბარნსი მიიჩნევს, რომ არ ყოფილა ისტორიაში ისეთი დაავადება, რომელიც სტიგმატიზაციის მიზეზი არ გამხდარიყოს. მსგავსი მაგალითები ახლაც მრავლად გვაქვს და პრევენციის წესების დამრღვევები ხშირად მასიური დაცინვისა და შერცხვენის („დაშეიმინგების”) ობიექტები ხდებიან. როგორც ირკვევა, ეს უკანასკნელი კონტრპროდუქტიულია – „დაშეიმინგებას” სასურველი შედეგი არ მოაქვს. მასზე ეფექტიანი მარტივად აღსაქმელი, ჭკუის დარიგების ტონისგან დაცლილი საგანმანათლებლო მუშაობა გახლავთ.
ყურადღების გადაღლასთან ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აზროვნების სტილის შეცვლას ენიჭება. შიში ჩვენი ქცევის მოტივატორი უკვე აღარ არის და მის ნაცვლად იმაზე უნდა ვკონცენტრირდეთ, თუ რა სარგებელს ვნახულობთ პრევენციული ღონისძიებების სწორად გატარებით. ყოველდღიურობაში უსაფრთხოების წესების რუტინულად და სწორად დაცვა ჩვენს გონებას დამატებითი კონტროლის განცდას გაუჩენს: იგი ამგვარად სიმშვიდეს ჰპოვებს, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავი მოატყუოს, თითქოს ვირუსი ნაკლებად სახიფათოა. ფაქტია, რომ პრეპანდემიამდელ ცხოვრების წესს ახლო მომავალში ვერ დავუბრუნდებით, ამიტომაც, ახალ რეალობასთან სწორად თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ.
ამ ზედმეტად პირადი და პერსონალური პროლოგის დაწერის მართებულობაზე დიდი ხანი ვფიქრობდი. საქმე ის გახლავთ, რომ სტატიაზე მუშაობა მანამ დავიწყე, სანამ ჩემი დიდი ოჯახის წევრებს კორონავირუსი შეუტევდათ. ამ სიტყვების წერის დროს უკვე მეც ინფიცირებული გახლავართ, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსთან ბრძოლა ჩემთვის პირად ხასიათსაც ატარებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის თითქმის ყველა მოქალაქე მსგავს მოცემულობაშია: უკვე ადამიანს ვეღარ ნახავთ, რომლის ნათესავს, მეგობარს ან უბრალოდ ახლობელს მაინც COVID-19-ის დიაგნოზი არ ჰქონდეს. პანდემიასთან ომს ცალ-ცალკე ვერ მოვიგებთ – ეს ის შემთხვევაა, როცა ძალა მართლაც რომ ერთობაშია. ასეთ საერთო გასაჭირში პერსონალური ამბების მოყოლას თერაპიული ეფექტიც კი შეიძლება ჰქონდეს.