პანდემიის მართვის შვედური ფილოსოფია

„ჩვენ ყველამ, როგორც ინდივიდებმა, საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. მთავრობა ყველაფერს ვერ დაარეგულირებს და აკრძალავს. ეს საღი აზრისა და კარგი მანერების საკითხია“ – ამ სიტყვებით მიმართა მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლევენმა და ქვეყანაში 50 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალა. მხოლოდ ეს 3 წინადადება აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ შვედეთში კარანტინი არ გამოცხადებულიყო.


ლინგვისტური რელატივიზმის თეორიის მიხედვით, ჩვენი აზროვნების თავისებურებასა და უნიკალურობას ჩვენივე სამეტყველო ენა განაპირობებს. სწორედ ის არის პასუხისმგებელი ეროვნული მსოფლმხედველობის ფორმირებასა და სამყაროს აღქმაზე. შესაბამისად, სტეფან ლევენის სიტყვების ასეთი მძლავრი ეფექტის საიდუმლოს რომ ჩავწვდეთ, ან შვედები უნდა ვიყოთ, ან შვედური ენა უნდა ვიცოდეთ. უფრო სწორად, შვედურად ორი სიტყვის – lagom და folkvett –  მნიშვნელობას უნდა ვიაზრებდეთ.

Lagom საკმარისს, სამყოფს ნიშნავს. ამ სიტყვის ფუძე არქაულ პერიოდში უნდა ვეძებოთ, როცა შვედების ოჯახი საჭმელს ერთი საერთო თეფშიდან ჭამდა. თითოეულ წევრს ზუსტად იმდენი საკვები უნდა ემყოფინებინა, რომ დანარჩენ წევრებსაც თანაბარი ოდენობა დარჩენოდათ.

1930 წელს ამერიკელმა ჟურნალისტმა, მარკიზ ჩაილდმა შვედეთში ცხოვრების პერიოდი ბესტსელერ ნაწარმოებში – „შვედეთი: შუა გზა“ – აღწერა. იგი აღფრთოვანებული იყო ამ ქვეყნის ეკონომიკური სისტემით, რომელიც ერთდროულად სახელმწიფო რეგულაციების ქვეშ მოქცეულ და თავისუფალ ბაზარს მოიცავდა. სწორედ lagom აღწერდა ყველაზე კარგად შვედურ მსოფლმხედველობას – დაბალანსებული, თანაბარი და ყველასათვის სამყოფი. თუმცა, დრომ ეტაპობრივად ეს მოცემულობა შეცვალა.

ადრეული 1990-იანი წლებიდან მოყოლებული შვედეთის პოლიტიკური კლიმატი შეიცვალა. ქვეყანა 1980-იანი წლების სოციალ-დემოკრატიული კურსიდან ლიბერალიზმზე გადაეწყო. მოსახლეობის მსოფლმხედველობა უფრო მეტად რადიკალური გახდა და იგი lagom-ს საკმაოდ დაშორდა. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით მკვეთრად გამოხატული ლიბერალური შეხედულებები და მინიმალური ინტერესი რელიგიური თუ ტრადიციული ღირებულებების მიმართ – ეს ახალი შვედეთის ეროვნულ სიამაყედ იქცა. სწორედ ამ დასკვნამდე მივიდნენ პოლიტიკური მეცნიერების მკვლევრები, რონალდ ინგლეჰართი და კრისტიან ველცელი, როდესაც მათ  მსოფლიოს ღირებულებების გამოკითხვა ჩაატარეს.

Folkvett – უხეშ თარგმანში საღ აზრს, ან კარგ მანერებს ნიშნავს, მაგრამ მას უფრო ღრმა, ეროვნული დატვირთვა აქვს. იგი აღწერს დაუწერელ მორალურ კანონს, რაც შვედებს სწორედ საღი აზრის ფარგლებში მოქცევას ავალდებულებს (Do the Right thing) და რომელსაც სხვისი მითითება თუ სწავლება არ სჭირდება.

სწორედ ამიტომ იყო პრემიერ-მინისტრ ლევენის სიტყვა ასეთი მძლავრი და ეფექტიანი: მან შეახსენა მოქალაქეებს ცხოვრების შვედური ფილოსოფია lagom, ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარ სიამაყეს, ანუ ლიბერალურ ღირებულებებს და გამოიყენა სიტყვა Folkvett, რითაც მიანიშნა შვედებს თავიანთ დაუწერელ, მორალურ ვალდებულებაზე.

პანდემიასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება

იმისთვის, რომ პანდემიის მართვის შვედური მოდელის ეფექტიანობაზე ვიმსჯელოთ, ჯერ უნდა გავერკვეთ, თუ რაზე დაყრდნობით ირჩევენ ქვეყნები ვირუსთან ბრძოლის სტრატეგიას. ამისთვის მეცნიერებისა და ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობაა საჭირო.

ეპიდემიის მკვლევარებმა ორ ძირითად კითხვას უნდა გასცენ პასუხი: რა ვიცით ვირუსის მოქმედების მექანიზმისა თუ გავრცელების შესახებ და როგორია მასზე იმუნური სისტემის პასუხი? მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემების ანალიზით, მეცნიერებმა უნდა შეადგინონ მოვლენათა განვითარების შესაძლო მოდელები და გამოკვეთონ მათგან გამოსვლის გზები. შემდგომ ისინი მონაცემებს განსახილველად მთავრობას წარუდგენენ.

მთავრობამ უნდა განიხილოს თითოეული შეთავაზებული მოდელი. მათ უნდა განსაზღვრონ, თუ რამდენად რეალისტურია მათი პრაქტიკაში განხორციელება – რა დადებით თუ უარყოფით შედეგებს გამოიღებს იგი ქვეყნისთვის და საბოლოო არჩევანი მოქალაქეთა საკეთილდღეოდ გააკეთონ.

კორონავირუსის მოქმედების მექანიზმი და გავრცელება

პანდემიის შესახებ არსებული სამეცნიერო ცოდნა უნივერსალური, თუმცა მუდმივად ცვალებადია. ამჟამად ვიცით, რომ ვირუსი წვეთოვანი გზით ვრცელდება. დაინფიცირებული ადამიანი დახველების ან დაცემინების შედეგად გარემოში დიდი ზომის რესპირატორულ წვეთებს გამოყოფს. ეს უკანასკნელნი თავისი წონისა და გრავიტაციის გამო 1-2 მეტრზე შორს ვერ ვრცელდება. სწორედ ზედაპირებზე მოხვედრილ წვეთებთან კონტაქტი აინფიცირებს ადამიანებს. ვირუსის გავრცელების ამგვარი მოდელის გამო გასცემენ მეცნიერები სოციალური დისტანციის რეკომენდაციას. ბოლო პერიოდში სამეცნიერო წრეებში აქტიურად მუსირებს აზრი, რომ ვირუსი წვეთოვანის გარდა ჰაერის საშუალებითაც ვრცელდებოდა. შესაძლოა, სწორედ ამან ახსნას მისი გავრცელების სისწრაფე ზოგიერთ შემთხვევაში.

ორგანიზმში მოხვედრის შემდედ ვირუსი მასპინძელ უჯრედში იჭრება. მარტივი ანალოგია მთელ ამ პროცესს თვალნათლივ წარმოგადგენინებთ – ვირუსი ერთგვარი რობოტია, რომელიც დამოუკიდებლად საკუთარ თავს ვერ გაამრავლებს. ამისთვის მას შესაბამისი საწარმო და სამშენებლო მასალა სჭირდება. ამ კონკრეტული მიზნით აღწევს იგი ჩვენს ორგანიზმში. უჯრედში მოხვედრისთანავე ვირუსი მას თავის გასამრავლებლად დაწერილ ინსტრუქციას აძლევს. მოტყუებული მასპინძელი ვირუსის გამრავლებას საკუთარი საშენი მასალით, კონვეიერული სისტემით იწყებს. ეს SARS – CoV-2-ს საშუალებას აძლევს უფრო და უფრო მეტ უჯრედში შეიჭრას, ანუ ჩვენს ორგანიზმში გამრავლდეს.

ორგანიზმის იმუნური პასუხი

SARS-CoV-2 ახალი ტიპის კორონავირუსია. ამ ჯგუფის ორმა წარმომადგენელმა კაცობრიობას თავი 2002-03 (SARS) და 2012 (MERS) წლებში გააცნო. თუმცა, პანდემიის გამომწვევის მიმართ იმუნური პასუხის შესახებ ინფორმაცია სამეცნიერო საზოგადოებას სრულიად სხვა კვლევებიდან აქვს.

როგორც ირკვევა, ვირუსის შემოჭრიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში  პათოლოგიური პროცესი იმუნიტეტისგან მალულად მიმდინარეობს. ორგანიზმის მთავარ პოლიციელს, იმუნიტეტს, განგაშის სიგნალს ისევ ჩვენივე უჯრედები უგზავნიან და ამგვარად დარღვევის შესახებ აწვდიან ინფორმაციას. შედეგად საქმეში იმუნური Т-უჯრედები ერთვებიან. ეს უკანასკნელნი გაწაფული მკვლელები არიან – მათი ფუნქცია ორგანიზმისთვის საშიში უჯრედების ლიკვიდაცია, ანუ ვირუსით დაინფიცირებული უჯრედების განადგურებაა. რამდენიმე დღის განმავლობაში  ანტივირუსული Т-უჯრედები მრავლდებიან, რაც იმუნური B-უჯრედების რაოდენობის მატებასაც უწყობს ხელს. ეს უკანასკნელნი ანტისხეულების წარმოქმნაზე არიან პასუხისმგებელნი. სწორედ მათ რაოდენობას განსაზღვრავს ზოგიერთი სადიაგნოსტიკო ტესტი.

სპეციფიკური ვირუსული ინფექციების გადატანის შემდეგ, (წითელა, ყბაყურა, წითურა) ორგანიზმში ანტისხეულების გარკვეული რაოდენობა მუდმივად რჩება. ამას იმუნურ მეხსიერებას უწოდებენ – ორგანიზმის პოლიცია დამრღვევს იმახსოვრებს და ვირუსის განმეორებით შემოჭრის შემთხვევაში იგი უფრო ოპერატიულად მოქმედებს.

კორონავირუსები ყოველწლიურად იწვევენ სხვადასხვა სიმძიმის რესპირატორულ ინფექციებს. მათზე ერთ-ერთი პირველი კვლევა 1977-78 წლებში ჩატარდა. 18 მოხალისით დაკომპლექტებულ კვლევაში კორონავირუსის მიმართ გამომუშავებულ იმუნიტეტს იკვლევდნენ. აღმოჩნდა, რომ ვირუსის კონკრეტული შტამის მიმართ იმუნიტეტი 1 წელი შენარჩუნდა, ხოლო მისი დახმარებით სხვა შტამით დაინფიცირება უფრო მარტივ ფორმაში გამოვლინდა.

მეორე მსგავსი კვლევა 1990 წელს 15 მოხალისეზე გაიმეორეს. მიღებული შედეგი მაშინაც ისეთივე გამოდგა – პირველ წელს ვირუსით ინფიცირებაზე კარგი იმუნური პასუხი მქონე პაციენტებმა ერთი წლის შემდგომ რე-ინფიცირება მსუბუქად გადაიტანეს.

მსგავსი სახის კვლევა SARS-ზე და MERS-ზე არ ჩატარებულა, თუმცა სხეულში დარჩენილი ანტისხეულების რაოდენობის გაზომვით ნანახი იქნა, რომ ორგანიზმი SARS-ის მიმართ იმუნიტეტს 2 წელი, ხოლო MERS-ის მიმართ 3 წელი ინარჩუნებს. სწორედ ამ კვლევების ანალიზით ვარაუდობენ მეცნიერები, რომ Covid-19-ის გადატანის შემდეგ კონკრეტული შტამის მიმართ იმუნიტეტი მინიმუმ 1 წელი მაინც შენარჩუნდება, ხოლო სხვა შტამით ინფიცირების შემთხვევაში კი ორგანიზმი მას მარტივად მოერევა. დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი ადამიანი გახდება ვირუსის მიმართ იმუნური და ამ უკანასკნელს მოსახლეობაში გავრცელება გაუჭირდება. ამგვარად ჩამოყალიბდება პოპულაციური იმუნიტეტი, რომელსაც უხეში თარგმანის გამო ჯოგურ იმუნიტეტად მოვიხსენიებთ.

პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევის ყველაზე სწრაფი, ეფექტიანი და უდანაკარგო გზა მასიური ვაქცინაციაა. ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ უკონტროლო დაინფიცირების პირობებში მსხვერპლი გარდაუვალია. სწორედ ამიტომ მოჰყვა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მთავარი სამეცნიერო მრჩეველის, სერ პატრიკ ვოლენსის პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას სამეცნიერო წრეების მწვავე კრიტიკა ამის გამო დიდმა ბრიტანეთმა პანდემიასთან ბრძოლის ტაქტიკა სწრაფადვე შეცვალა.

რამდენად რეალისტურია Covid-19-ის მიმართ პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავება?

ამ კითხვაზე მეცნიერებს ცალსახა პასუხი ამ დრომდე არ აქვთ. სამხრეთ კორეაში შესაძლო რე-ინფიცირების შემთხვევებმა ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, თუმცა მოგვიანებით ჩატარებულმა კვლევებმა ეს შედეგი „ცრუ დადებითად“ დააკლასიფიცირა. ჯერ-ჯერობით დადასტურებით ვერავინ ამბობს, შესაძლებელია თუ არა SARS-CoV-2-ით რე-ინფიცირება. ბოლო პერიოდში გაკეთებულ კვლევებზე დაყრდნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს: არ არსებობს მტკიცებულება, რომ Covid-19-ის მოხდის შემდგომ სისხლში დარჩენილი ანტისხეულები ადამიანს განმეორებით ინფიცირებისგან სრულად იცავს. შესაბამისად, მხოლოდ იმის ვარაუდი შეიძლება, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია კორონავირუსის მიმართ იმუნური. ამიტომაც, მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ პანდემიასთან ბრძოლაში ვაქცინაციის გარეშე პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევის პოლიტიკა არარეალური და უეფექტოა.

სამეცნიერო მტკიცებულებების მიხედვით, Covid-19-თან ჭიდილში ყველაზე ეფექტიანი საშუალება ვირუსის გავრცელებასთან დაპირისპირებაა. ზუსტად აქეთკენ არის მიმართული სოციალური დისტანციის დანერგვის პოლიტიკა და სხვადასხვა სიმკაცრის კარანტინული ზომების გატარება. ეს ასევე იცავს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას უეცარი გადატვირთვისგან, როდესაც დროის მცირე მონაკვეთში კლინიკებში ზედმეტად ბევრი დაინფიცირებული აღმოჩნება. „მრუდის გაბრტყელებისკენ“ მიმართული ღონისძიებების ეფექტიანობაზე თეორიული მოდელებით შეგვიძლია წარმოდგენის შექმნა. ამგვარი დაშვებებით საშუალო და ფართო ტიპის სოციალური დისტანცია უფრო ეფექტიანია, ვიდრე კარანტინი. აქ გაიყარა ევროპისა და შვედეთის გზები.

პანდემიის მართვის შვედური მოდელი

ახალგაზრდა ქალი ვუხანიდან შვედეთში 24 იანვარს დაბრუნდა. იმ დროისათვის ეპიდემია უკვე მძლავრად იყო ჰუბეის რეგიონში გავრცელებული. თვით კომუნისტური პარტიის ლიდერმა, სი ძინპინმაც კი მიმართა თავის ქვეშევრდომებს, რომ ადამიანების სიცოცხლეზე ეზრუნათ. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, სამშობლოში დაბრუნებული შვედი ქალი ყველა რეკომენდაციას უშეცდომოდ იცავდა – მიუხედავად იმისა, რომ დაავადებისთვის დამახასიათებელი ჩივილები არ აწუხებდა. თუმცა, რამდენიმე დღეში მას ხველა დაეწყო. კლინიკაში ვიზიტის ნაცვლად მან სასწრაფო დახმარება გამოიძახა და მედიკოსებს თავისი მოგზაურობის ისტორიის შესახებ წინასწარვე აცნობა. 31 იანვარს შვედეთმა პირველი კოვიდ-ინფიცირებულის შესახებ განაცხადა.

ახალგაზრდა ქალის სამაგალითო ქცევის დამსახურება გახლდათ, რომ თითქმის მთელი თებერვლის განმავლობაში შვედეთში კორონავირუსის გავრცელების რისკი სახელმწიფოს მხრიდან როგორც „ძალიან დაბალი“ ისე იყო შეფასებული. ეს მოცემულობა 25 თებერვალს შეიცვალა და რისკის შეფასების ხუთბალიან შკალაზე მხოლოდ ერთი პუნქტით ამაღლდა. მეორე დღეს შვედეთში კიდევ ერთი ინფიცირებულის შესახებ გააკეთეს განცხადება.

2 მარტს ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, რის გამოც სახელმწიფო დაავადების გავრცელების რისკს უკვე როგორც „საშუალოს“ ისე აკლასიფიცირებდა. შემთხვევების მატება გარდაუვალობის გამო გაიზარდა ტესტირების სიხშირე. აქედან მოყოლებული მოვლენები უკვე ელვის სისწრაფით განვითარდა – 10 მარტს შვედეთში უკვე შიდა გავრცელება დაიწყო და Covid-19-ის საფრთხემ ყველაზე მაღალ ნიშნულს („ძალიან მაღალი“) მიაღწია. შვედეთს ამ დროისთვის 345 დადასტურებული შემთხვევა ჰქონდა. ერთი დღის შემდეგ, 11 მარტს კი – პირველი მსხვერპლი.

ამ დრომდე ქვეყანაში რაიმე სახის აკრძალვა არ მოქმედებდა, მაგრამ პიველმა სიკვდილმა ეს ცვლილებაც მოიტანა – აიკრძალა 50 ადამიანზე მეტის საჯარო შეკრება. თუმცა,  შესაძლოა ეს უკვე დაგვიანებული გახლდათ – 12 მარტს ვირუსი უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით  იყო გავრცელებული.

დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედება მაინც დუნე გახლდათ. 24 მარტისათვის, როდესაც ჯანდაცვის მინისტრმა სოციალური დისტანციის მნიშვნელობაზე საჯაროდ ისაუბრა, შვედეთში უკვე 2272 ინფიცირებული და 36 გარდაცვლილი ირიცხებოდა. მიუხედავად ამისა, მოსახლებას დეტალური ინფორმაცია არ მიუღია, თუ კონკრეტულად რას გულისხმობდა  სოციალური დისტანცირება და როგორ უნდა გამოეყენებინათ იგი პრაქტიკაში. ჟურნალისტებმა და საზოგადოებამ კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგია კომუნიკაციის დეფიციტში დაადანაშაულა და ისინი მართლებიც იყვნენ – ამ დროისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით სოციალური დისტანცირება უკვე ყოველდღიური ცხოვრების ახალი ნორმა გახლდათ, ხოლო შვედებს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე მინისტრის სიტყვების მნიშვნელობას ვერ უხსნიდნენ.

27 მარტს, როდესაც პრემიერმინისტრმა ქვეყანაში 50-ზე მეტი ადამიანის საჯარო შეკრების აკრძალვის შესახებ განაცხადა, შვედეთში კორონავირუსის 3046 შემთხვევა იყო დადასტურებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 82-ს შეადგენდა. ამ დროისთვის  სკოლები, რესტორნები, კაფეები და პაბები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდნენ მუშაობას. აქტიური შიდა ტურისტული სეზონი ჰქონდათ სამთო კურორტებსაც. მკაცრი ზომების გატარების აუცილებლობაზე კრიტიკის საპასუხოდ, კორონავირუსთან ბრძოლის ეროვნულმა სახემ, ანდერს ტეგნელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამგვარი ღონისძიებების გატარების მიზეზი უფრო მეტად პოლიტიკურია, ვიდრე სამედიცინო. ამ რეპლიკით იგი მეზობელი დანიის მიერ საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა – იგივე აზრზე იყვნენ ტეგნელის დანიელი კოლეგებიც.

კორონავირუსით ინფიცირების მზარდი სტატისკის ფონზე შვედეთმა პანდემიასთან ბრძოლა უმნიშვნელოდ გააძლიერა. პირველი დადასტურებული შემთხვევიდან ზუსტად 2 თვის თავზე, 31 მარტს, მოხუცთა სახლებში ვიზიტორების შეშვება აიკრძალა, ხოლო 1 აპრილს  ფართო საზოგადოებას სოციალური დისტანციის კონკრეტული წესები გააცნეს. შემდგომში ელვის სისწრაფით განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა აჩვენა, შვედეთი თავისი დუნე პოლიტიკის გამო მკაცრად დაისაჯა.

ეპიდაფეთქება მოხუცთა სახლებში

მაგნუს ბონდენსონის დედა უპსალაში მდებარე ერთ-ერთი მოხუცთა სახლის ბინადარია. 69 წლის ქალბატონი, დიაგნოსტირებული დემენციის მიუხედავად, მაინც ახერხებს ირგვლივ არსებულ ვითარებაში გაერკვეს. თუმცა, პანდემიის დასასრულის ბუნდოვანება მას მოსვენებას უკარაგავს. შვილი უკვე სამი დღეა, რაც მხოლოდ „სკაიპის“ საშუალებით ეკონტაქტება – პანსიონატში სტუმრობა უკვე აკრძალულია. მაგნუს ბონდერსონს ახლა უფრო მეტად სხვა რამ აღელვებს – ვიდეო-ზარისას იგი მომვლელ პერსონალს აკვირდება და საკუთარ თავს  გაკვირვებით ეკითხება: რატომ არ უკეთია არავის ნიღაბი და ხელთათმანები? რამდენიმე დღეში ბონდერსონი ამ კითხვას უკვე მოხუცთა სახლის თანამშრომელს უსვამს, რაზეც მშრალ პასუხს იღებს: ჩვენ უბრალოდ გაილაინების მიხედვით ვმოქმედებთ.

მართალს ამბობენ და ვერც გაამტყუვნებ. მოხუცთა სახლებში მომუშავე პერსონალი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ წესებს ემორჩილება და ამ წესებში კი გარკვევით წერია: პირბადე სამედიცინო პერსონალს მხოლოდ იმ შემთხვევაში სჭირდება, თუ ისინი სავარაუდოდ დაინფიცირებულ პაციენტთან მჭიდრო კონტაქტში არიან. ამგვარად პერსონალი საკუთარ თავს რესპირატორული წვეთებისგან იცავენ. სხვა მხრივ, საჯარო სივრცეში პირბადის გაკეთების აუცილებლობა არ არსებობს.

იგივე მოსაზრებას იზიარებდა WHO და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრიც (ЕCDC). მეტიც, ეს უკანასკნელი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ პირბადეების გამოყენება პრიორიტეტული უნდა იყოს ჯანდაცვის სპეცილისტებისათვის. ECDC-ს ამ განცხადებას სამეცნიერო მტკიცებულებაზე მეტად პოლიტიკური სარჩული ჰქონდა – ბაზარზე არსებული პირბადეების დეფიციტის გამო სამედიცინო რგოლი ელემენტარული დაცვის გარეშე რჩებოდა.

სამეცნიერო მტკიცებულება კი სხვა რამეზე მიუთითებდა. 3 აპრილს, ჟურნალში Nature გამოქვეყნებული კვლევა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ პირბადის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებდა გარემოში ინფიცირებული რესპირატორული წვეთების გამოყოფას. შესაბამისად, ვირუსის უსიმპტომო მიმდინარეობის გათვალისწინებით, პირბადეების გაკეთებას საჯარო სივრცეებში დიდი დამცველობითი ეფექტი ექნებოდა. სამეცნიერო მტკიცებულების გაჩენის პარალელურად ევროპის ქვეყნებმა საჯარო სივრცეებში პირბადეების გამოყენების შესახებ თავიანთი რეკომენდაციები განაახლეს.

ჟურნალში Тhe Lancet მარტის ბოლოს გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს და შვედეთის მთავრობის დაგვიანებულ რეაქციას მძიმე შედეგები ექნებოდა. ამის პარალელურად შვედურმა სამეცნიერო საზოგადოებამ ღია წერილით მიმართა მთავრობას და უფრო მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდა. ამ მოწოდებას სკოლის მასწავლებლებიც შეუერთდნენ, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ სოციალური დისტანციის დაცვას ფიზიკურად ვერ ახერხებდნენ. შვედეთის მთავრობა ადამიანების სიცოცხლით რისკავს – ამ კრიტიკას ხელისუფლება უსაფუძვლოს უწოდებდა, თუმცა სტატისტიკა სხვა რამეზე მეტყველებდა.

შვედეთში ე.წ. სტოკჰოლმის შტორმი“ დაიწყო – მოხუცთა თავშესაფრებში დაავადებამ მთელი ძალით იფეთქა. შესაძლოა, ეს რამდენიმე ფაქტორის დამსახურება ყოფილიყო:

  • თავშესაფარში მოსული ახალი კონტიგენტი;
  • საავადმყოფოდან უკან დაბრუნებული მოხუცები;
  • ვიზიტორი ოჯახის წევრები;
  • ასიმპტომური მომსახურე პერსონალი;

იტალიისგან განსხვავებით, შვედეთში მოხუცთა უმრავლესობა ოჯახის ახალგაზრდა წევრებისგან მოშორებით, მოხუცთა სახლებში ცხოვრობს. თუმცა,  ვირუსმა ადამინის ორგანიზშმი შესაჭრელად სხვა გზა გამოძებნა. დაავადების სწრაფ გავრცელებას ხელი იმან შეუწყო, რომ მოხუცთა უმრავლესობას სოციალური დისტანციის დაცვისთვის აუცილებელი წესების დამახსოვრება გაუჭირდა, ზოგიერთ თავშესაფარში კი ამისთვის აუცილებელი პირობები არ აღმოჩნდა. ამას ისიც დაემატა, რომ მომვლელთა ნაწილი სიმპტომების მიუხედავად მაინც განაგრძობდა ბინადრებთან მუშაობას. საბოლოოდ, მანკიერი წრეც შეიკრა და ტრაგიკულმა შედეგმაც არ დააყოვნა.

შვედეთში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მატება მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. ზედმეტად სუსტი სამთავრობო ღონისძიებები აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც გააკრიტიკა, თუმცა ამის საპასუხოდ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მისმა ქვეყანამ საკმაოდ მკაცრი ზომები გაატარა პანდემიასთან ბრძოლაში. მაშინ ამგვარად შეფასდა მთავრობის მიერ მოხუცთა სახლებში ვიზიტების აკრძალვა. 14 აპრილის გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა.

როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, შვედეთმა ვერ გაითვალისწინა საფრანგეთისა და ესპანეთის მოხუცთა სახლების მტკივნეული გამოცდილება. მოგვიანებით ამის შესახებ ანდერს ტეგნელმა ჟურნალ Nature-სთან ინტერვიუში ისაუბრა. შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი კმაყოფილი იყო პანდემიის მართვის მისეული პოლიტიკით, თუმცა მოხუცთა სახლებში განვითარებულ მოვლენებში უფრო აქტიურად ჩარევის საჭირეობაზეც მიანიშნებდა. შვედეთის მთავრობის განცხადებით, 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების ჯანმრთელობა მათთვის პრიორიტეტული იყო, თუმცა აპრილის ბოლოს გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ სრულიად სხვა სურათი აჩვენა – კორონავირუსით გარდაცვლილთა 90% 70 წელს გადაცილებული გახლდათ.

შვედური მოდელი და მსოფლიო

28 აპრილს შვედეთში 18 926 ადამიანი იყო კორონავირუსით დაავადებული. მისგან განსხვავებული მიდგომები ჰქონდათ დანარჩენ სკანდინავიურ ქვეყნებს:

  • ფინეთმა 16 მარტისთვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, დაკეტა სკოლები და აკრძალა 10 ადამიანზე მეტი საჯარო შეკრებები. პირველ აპრილს დახურა რესტორნები, კაფეები და ბარები. ინფიცირებულთა რაოდენობა: 4695. გარდაცვლილთა რაოდენობა: 193.
  • დანიამ 11 მარტს დაკეტა საზღვრები, მაღაზიები, სკოლები და რესტორნები. აკრძალა მასობრივი შეკრებები. იგი პირველი ევროპული ქვეყანა იყო, რომელმაც ასეთი აგრესიული საკარანტინო ზომები მიიღო. ინფიცირებულთა რაოდენობა: 9049. გარდაცვლილთა რაოდენობა: 427
  • ნორვეგიამ მარტის შუა რიცხვებიდან ტურისტული მიმოსვლა შეზღუდა, დაკეტა სკოლები, მცირე ბიზენესი და გააუქმა საჯარო ღონისძიებები. ინფიცირებულთა რაოდენობა: 7599. გარდაცვლილთა რაოდენობა: 206

სკანდინავიის ქვეყნების სტატისტიკური ანალიზი საშუალებას იძლეოდა ნათლად დაგვენახა, თუ რა განსხვავებული შედეგები გამოიღო სკანდინავიის ქვეყნების მიდგომებმა.

ევროპული კონტექსტიც რომ გავითვალისწინოთ: ესპანეთში ყოველ 100 000 მოქალაქზე 51, ხოლო იტალიაში 45 გარდაცვლილი მოდიოდა. დიდ ბრიტანეთში იგივე მაჩვენებელი 32-ს შეადგენდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყნების მონაცემების პირდაპირი შედარება საკითხის კომპლექსურობის გათვალისწინებით არასწორია – მაგ. იტალია უფრო მეტად „მოხუცი“ ქვეყანაა, მეტი მწეველი მოქალაქე ჰყავს, თაობები დიდ ოჯახებად ცხოვრობენ.

29 აპრილს WHO-ს გადაუდებელი ოპერაციების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანი შვედეთი მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ქვეყანამ ეფექტიანი ჯანდაცვის პოლიტიკა გაატარა, მოახერხა სამედიცინო სისტემის უნარიანობის გაზრდა და მოსახლეობის მასობრივი ტესტირება. რაიანმა ასევე ხაზი გაუსვა მოქალაქეების მაღალ სოციალურ თვითშეგნებასაც. მისი საუბრიდან გამომდინარეობდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, შვედეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სისწორეზე საუბარი ნაადრევია, თუმცა სამომავლო შეზღუდვების ეტაპურად მოხსნისთვის შვედეთი მოდელად შეიძლება გამოდგეს. მკაცრი კარანტინის ოპონენტებმა მაიკ რაიანის ამ სიტყვებს მრავალგვარი ინტერპრეტაცია მოუძებნეს.

„ჩვენ ვერ დავიცავით მოხუცები. ეს ნამდვილად სერიოზული კრახია მთლიანი საზოგადებისთვის. ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს, რადგანაც პანდემია ჯერ არ დასრულებულა“ – ახლახანს განაცხადა შვედეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ლენა ჰალენგრინმა. რეტროსპექტული ანალიზით შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ დროული და ზუსტი ჩარევით შვედეთი საკმაოდ ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენდა.

“სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ჩვენთვის სიურპრიზი აღმოჩნდა“ – აღნიშნა ანდერს ტეგნელმა ტრევორ ნოასთვის მიცემულ ინტერვიუში, სადაც მან ხაზი გაუსვა, რომ შვედური მიდგომა მრავალმხრივ წარმატებული არ არის. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის აზრით, შვედური მოდელის სხვა ქვეყანაში იმპლემენტაცია საკმაოდ რთულია, რადგანაც მისი ზოგიერთი ასპექტი ორგანულად შვედურია (მაგალითად: მოსახლეობის მთავრობისადმი უპრეცედენტოდ მაღალი ნდობა).

საქართველოში ამ მოდელის მომხრეებს ხშირად ავიწყდებათ ჩვენი ეროვნული მენტალიტეტი, რომელიც სტატისტიკურად ასე გამოიხატება: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე წესების დაღვევის 7 400-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დაწერილი ჯარიმების ჯამური რაოდენობა 21 მილიონს აღწევს

ეკონომიკური პროგნოზები

პანდემიის მართვის შვედური მოდელის უპირატესობა შესაძლოა ეკონომიკისთვის ნაკლები ზიანის პოლიტიკაში იმალებოდეს – მაშინ, როცა ქვეყნის ეკონომიკა თითქმის არ გაჩერებულა, მიღებული ზიანიც უფრო ნაკლები უნდა ყოფილიყო. სინამდვილეში, ეს ასე არ მოხდა. შვედეთის მცირე, ღია ეკონომიკა მასიური საწარმოო ინდუსტრიით არიან წამოდგენილი, რომელიც ევროპულ სავაჭრო ქსელზე მნიშვნელოდ არის დამოკიდებული. მაგალითად Volvo-ს ქარხნებს გაჩერება არა ქვეყნაში არსებული ეპიდსიტუაციის, არამედ ევროპიდან შემოტანილი ნაწილების დეფიციტის გამო მოუწია. ქვეყნის ცენტრალური ბანკის, Riskbank-ის პროგნოზით მშპ 7-10%-ით შემცირდება, ხოლო უმუშევრობა გაიზრდება 9-10,4%-ს მიაღწევს. ეს კი სკანდინავიური ქვეყნისთვის კატასტროფული მაჩვენებელია.

12 მაისის მონაცემებით შვედეთს 27 272 დაინფიცირებული და 3 313 გარდაცვლილი ჰყავს. მიუხედავად ამისა, შვედურ მოდელს ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს – იგი შორეულ პერსპექტივაზე გათვლილი მიდგომაა. კარანტინის არარსებობის გამო მოსახლეობას პანდემიის სიმწვავის განცდა არ აქვს და ცხოვრებასაც ჩვეულ რითმში აგრძელებს. შესაბამისად, სოციალური თვალსაზრისით შვედეთი პანდემიას წარმატებით უსწორდება. ეს ადვილი გამოდგა მთელი მსოფლიოს კონტრასტისა და შვედური ეროვნული თვითკმაყოფილების გათვალისწინებით. სიამაყე შეიძლება ბრმა რწმენად გარდაიქმნას, თუ იგი ეროვნული თვითკიტიკით არ არის დაბალანსებული. ამას კონსტრუქტიულ ან კრიტიკულ პატრიოტიზმსაც უწოდებენ. 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, შვედეთს ევროპის, ამერიკის, აზიისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ნაკლები კრიტიკული პატრიოტი ჰყავს. კითხვაზე, „იქნებოდა თუ არა მსოფლიო უკეთესი, თუ შვედეთი თავის ნაკლოვანებას აღიარებდა“ დადებითად მხოლოდ შვედების 6%-მა უპასუხა. ამის გათვალისწინებით, სრულიად გასაგები ხდება, თუ რატომ იმატებდა სამთავრობო რეიტინგი პანდემიის მიმდინარეობის პარალელურად.

პანდემიის დასრულებაზე მსჯელობისას, ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ როცა მოსახლეობა ზედმეტად გადაიღლება კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვებით, ისინი შეეწინააღმდეგებიან მათთვის მიუღებელ დღის წესრიგს და პანდემიას სოციალურად დაასრულებენ. ამის ნიშნები უკვე აქტიურად შეინიშნება მძიმე კარანტინის პოლიტიკის მქონე ქვეყნებში. საზოგადოების ზეწოლა მთავრობას აიძულებს შეზღუდვების მოხსნა დაიწყოს, ხოლო სამეცნიერო საზოგადოება მოვლენათა განვითარების შესაძლო ტრაგიკულ სცენარზე იწყებს საუბარს. სასწორის ორივე პინაზე ზედმეტად ბევრი რამე დევს.


Exocoetidae – ოკეანეში მობინადრე ერთ-ერთი ყველაზე საოცარი თევზია. როდესაც იგი მასზე მონადირე დორადოების გუნდს გაურბის, მაღალი სისწრაფისა და კუდის სპეციფიკური მოძრაობის დახმარებით ოკეანის ტალღებიდან ამოჭრას და ჰაერში აფრენას ახერხებს. ამ არაორდინალური ქცევის გამო მათ მფრინავ თევზებს უწოდებენ. თხელი, განიერი ფარფლების დახმარებით იგი ჰაერში ლივლივს ახერხებს და თუ ზურგის ქარი დაიჭირა, შეუძლია რამდენიმე ასეული მეტრის მანძილზე ფრენით დააღწიოს თავი დორადოს პირს. თუმცა, თუ ზედმეტად მაღლა აფრინდება, მაშინ მის თავზე მოტრიალე ფრეგატისებრი ჩიტის ნისკარტში ამოყოფს თავს.

ორ სასიკვდილო უკიდურესობას შორის მფრინავი თევზი ზუსტად აღწერს პანდემიასთან მებრძოლი ქვეყნების ამჟამინდელ მდგომარეობას: დიდი ხნით ეკონომიკის ჩაკეტვა ფინანსურად გაანადგურებს სახელმწიფოს, ხოლო ზედმეტად სწრაფი გახსნა მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს. იქნებ ამ ორი ტრაგიკული უკიდურესობიდან  ოპტიმალური გამოსავალი მართლაც რომ სწორად დაგეგმილი და ადაპტირებული შვედური შუა გზაა?