დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც „myauto.ge“-ზე ათავსებდნენ ვითომ გასაყიდი ავტომობილების ფოტოებს და მსურველებს მოტყუებით არიცხვინებდნენ თანხის ნაწილს – შსს

პუბლიკა

შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 3 პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულები, წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით, ავტოპორტალ „myauto.ge“-ზე ათავსებდნენ ვითომ გასაყიდი ავტომობილების ფოტოებს და საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასს მიუთითებდნენ, ავტომობილების შეძენის მსურველებს კი ავტომანქანის გადაცემამდე, წინასწარ, მოტყუებით არიცხვინებდნენ მითითებული თანხის ნაწილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც აღნიშნულ თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ.

„ბრალდებულები დანაშაულებრივი სქემით მოქმედებისას, კვალის დაფარვის მიზნით, სხვადასხვა მობილურ ტელეფონსა და ნომრებს იყენებდნენ, გამოყენების შემდეგ კი სიმბარათებს ანადგურებდნენ. სამართალდამცველებმა სამივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მობილური ტელეფონები, რომლებითაც ბრალდებულები დანაშაულის დროს სარგებლობდნენ. დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.