„დარწმუნებული ვარ, ISFED-ს მოუწევს მეორე ტყუილის დადასტურებაც“ – კობახიძე უბნების 8%-ზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) გარშემო მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა, კერძოდ, ჟურნალისტებმა კობახიძეს შეაფასებინეს თეა წულუკიანის განცხადება, რომელის მიხედვით აუცილებელია გამოძიების დაწყება.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, საკითხი „ცოტა დელიკატურია“, რადგან საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც, მისი თქმით, ორი ათეული წელია, საქართველოში მუშაობს და ამ დრომდე არ დაფიქსირებულა ასეთი ხარვეზი.

„ამას სჭირდება, ბუნებრივია, ჩაღრმავება; რაც შეეხება გამოძიებას, თუ საუბარია სისხლის სამართლებრივ გამოძიებაზე, ეს არის დელიკატური საკითხი. თუ ასეთი რამ განიხილება, მხოლოდ და მხოლოდ ამერიკული ჩართულობით შეიძლება, ასეთი გამოძიება წარიმართოს“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იმ უბნების 8%-ის ჩამონათვალი, სადაც, ISFED-ის მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა, ორგანიზაციას, ჯერჯერობით, არ წარმოუდგენია.

„ჩვენი ვარაუდი, ბუნებრივია, ყოველდღიურად მძაფრდება ამ 8%-თან დაკავშირებით. რეალურად არ არსებობს არავითარი პრობლემური უბნების 8%, სადაც ISFED-ის პირველადი მტკიცებით ფიქსირდება, თითქოს, სიჭარბე ბიულეტენები., ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს… დარწმუნებული ვარ, მათ მოუწევთ მეორე ტყუილის დადასტურებაც, რაც არის ძალიან მძიმე, იმიტომ, რომ ამ ერთ და მეორე ტყუილზე ააგო რეალურად რადიკალურმა ოპოზიციამ თავისი რევოლუციური სცენარი“, – განაცხადა კობახიძემ.