რა გეგმები აქვს მთავრობას განათლების მიმართულებით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამა.

სამთავრობო პროგრამაში განათლების მიმართულებით ნათქვამია, რომ განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. აქვე ნათქვამია, რომ რეფორმა მოიცავს განათლების სისტემის ყველა საფეხურს.

გთავაზობთ სამთავრობო გეგმიდან სიახლეებთან დაკავშირებულ იმ კონკრეტულ კომპონენტებს განათლების თითოეული საფეხურის მიმართულებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში სამთავრობო პროგრამის მიხედვით რომ უნდა განხორციელდეს.

ადრეული და სკოლამდელი განათლება

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საჯარო დაწესებულებებში ადრეული და სკოლამდელი განათლება კვლავაც იქნება უფასო.

გაგრძელდება შესაბამისი ღონისძიებები სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების გაუმჯობესებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. ასევე ხელი შეეწყობა სკოლამდელ დაწესებულებებში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვას.

აქვე ნათქვამია, რომ არაქართულენოვანი მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ ყველა რაიონში განხორციელდება სახელმწიფო ენის სწავლება ბილინგვური მოდელით, რაც ხელს შეუწყობს სასკოლო მზაობის გაუმჯობესებას, ხარისხიან საგანმანათლებლო პროცესს ზოგადი განათლების საფეხურზე.

შეიქმნება 1-იდან 6 წლამდე ასაკის ბავშვების სტატისტიკური მონაცემების ამსახველი ინტეგრირებული ელექტრონული სისტემა.

ზოგადი განათლება

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მთავრობისთვის პრიორიტეტული იქნება სისტემაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვა. ამ მიზნით, კი მომდევნო წლების განმავლობაში გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება და გაიზრდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება.

რაც შეეხება სიახლეებს, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ შემუშავდება და დაინერგება სკოლების მართვისა და დაფინანსების დიფერენცირებული მოდელები; ფართო მასშტაბით დაინერგება ბილინგვური სწავლების განსხვავებული მოდელი არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებში; შემუშავდება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების ახალი წესი, განხორციელდება მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებები, მათი პროფესიული საჭიროებების შესაბამისად.

აქვე ყურადღება გამახვილებულია სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ნათქვამია, რომ 2021 − 2024 წლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობისა და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და მშენებლობა, მათ შორის, 2021-2022 წლებში დასრულდება 47 სკოლის მშენებლობა და  80 სკოლის გამაგრება/სრული რეაბილიტაცია.

უმაღლესი განათლება

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში გაიზრდება უმაღლესი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება. შემუშავდება უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულების მდგრად განვითარებასა და სასწავლო პროცესის სწავლის შედეგებზე ორიენტირებას.

ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით: გაგრძელდება მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსება, ამოქმედდება სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები, გაგრძელდება სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვის, გაგრძელდება მსჯავრდადებულის მიერ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების მიღების ხელშემწყობი ღონისძიებები.

საქართველო მომზადდება Erasmus+ პროგრამულ ქვეყნად, რის შედეგადაც, გარდა უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდობის კომპონენტებისა, საქართველოს გაეხსნება წვდომა პროგრამის ყველა კომპონენტზე.

პროფესიული განათლება

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად დარჩება პროფესიული განათლების განვითარება, როგორც შრომის ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.

დოკუმენტის თანახმად, საჯარო-კერძო პარტნიორობით დაინერგება პროფესიული განათლების სისტემის მართვის ახალი მოდელი;  დამტკიცდება პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი და მომზადების, პროფესიაში შესვლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ახალი მოდელი; ამოქმედდება პროფესიული განათლების მასწავლებლის შედეგებზე ორიენტირებული შრომის ანაზღაურების ახალი მოდელი.

დაიწყება არაფორმალური განათლების აღიარება და გაფართოვდება აღიარების მასშტაბები.