მომდევნო 4 წელში გაიზრდება მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლების ანაზღაურება - ჩხენკელი

პუბლიკა

პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს უსმენენ. როგორც მან განაცხადა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება, მათ შორის პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება.

„მასწავლებლების ღვაწლი განსაკუთრებით აღსანიშნავია პანდემიის დროს. განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევისა და განათლების უწყვეტობის შენარჩუნების პროცესში. მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად ისინი ფრონტის წინა ხაზზე დგანან.

სამინისტრომ უზრუნველყო მასწავლებლებისთვის ელექტრონული სასწავლო რესურსების შექმნა და მათი გადამზადება დისტანციური სწავლებისთვის. ზოგადი და პროფესიული მასწავლებლისთვის გაიმართა 130 ვებინარი, რომელშიც 20 000-ზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი დისტანციურ სწავლებაზე 16 000-მა მასწავლებელმა გაიარა.

2021 წლიდან ბიუჯეტით გათვალისწინებულია მასწავლებლის ხელფასის ზრდა. ასევე, განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზა და მათი სახელფასო პოლიტიკა. აღსანიშნავია, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება. მათ შორის, გაიზრდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.