თუ ალეკო არ წამოვა „ევროპულ საქართველოსთან“, მე წავალ – იოსელიანი

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ გენერალურმა მდივანმა, ლევან იოსელიანმა ტელეკომპანია „რუსთავი -2-თან“ განაცხადა, რომ ისინი გეგმავენ ყველა პარტიასთან კონსულტაციას, რომლებსაც კი ამის სურვილი ექნებათ. ის არც „ევროპულ საქართველოსთან“ კონსულტაციებს გამორიცხავს.

დღეს „მოქალაქეებსა“ და „გირჩის“ წევრებს შორის გაიმართა შეხვედრა. ლევან იოსელიანის თქმით, კონსულტაციები დაიწყეს „გირჩით“, რადგან პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის თვალსაზრისით, მათთან პოზიციების ყველაზე  მეტი თანხვედრა აქვთ.

„ასე ვერ გაგრძელდება ეს ყველაფერი. ოპოზიცია ვერ იქნება გაბუტულ რეჟიმში გაურკვეველი ვადით. ეს მეხუთე რაუნდიც ჰაერშია გამოკიდებული. მეხუთე რაუნდამდე მისვლაც არის საჭირო კონკრეტული ინიციატივით და კონკრეტული წინადადებით.

ჩვენ ერთად გავაგრძელებთ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს: დაგეგმილი გვაქვს, რომ შევხვდეთ გიორგი ვაშაძეს, „ლელოს“ და ა.შ, რომ ჩვენი ხედვა გავაცნოთ. ეს ის პარტიებია, რომელთაგანაც ისმის, რომ მოლაპარაკება არის პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზაა“, – ამბობს ლევან იოსელიანი.

რაც შეეხება პარტია „ევროპულ საქართველოსთან“ კონსულტაციებს, იოსელიანი აღნიშნავს, რომ მას ალეკოსგან განსხვავებული პოზიცია არ აქვს.

„ალეკოსგან განსხვავებული პოზიცია არ მაქვს. თუ ის არ წამოვა „ევროპულ საქართველოსთან“, მე წავალ. ის უფრო ემოციურია და ზედმეტად ემოციურად აფასებს იმ წუთში რაღაც მოვლენებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც ალეკოსთვის და არც არავისთვისაა პრობლემა, რომ კონსულტაციებში ყველა იყოს წარმოდგენილი“, – ამბობს ტელეკომპანიასთან ლევან იოსელიანი.

დღეს პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელმა და ლიდერმა, ალეკო ელისაშილმა განაცხადა, რომ კონსულტაციებს გეგმავენ მხოლოდ მათთან, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა და გამბედაობა.

„ბოკერიას აზრი არ გვაინტერესებს. უმანდატო ხალხთან ლაპარაკს, მით უმეტეს მასეთ ამრევებთან, აზრი არ აქვს. დანარჩენების აზრი გვაინტერესებს, აქვთ თუ არა პასუხისმგებლობა და გამბედაობა, რომ თამამი გადაწყვეტილება მიიღონ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.