სიამოვნებით დაველოდებით ელისაშვილის პარტიასაც და „გირჩსაც“ პარლამენტში - დავითულიანი

პუბლიკა

„სიამოვნებით დაველოდებით ელისაშვილის პარტიას და „გირჩსაც“ პარლამენტში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

ბექა დავითულიანის თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის კონსულტაციებისთვის პარლამენტში შესვლის თაობაზე. პარლამენტის დეპუტატი ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის და ოპოზიციური პარტიების ქმედება თავად ოპოზიციას აზიანებს.

„პოლიტიკური კრიზისი ამ ქვეყანაში არ არსებობს, ამ ქვეყანაში არსებობს პარტიული კრიზისი და ოპოზიციური კრიზისი; რა თქმა უნდა, არ არის ქვეყნისთვის კარგი, თუმცა თუ დავუკვირდებით, პრაგმატული თვალსაზრისით, ეს კრიზისი პირველ რიგში აზიანებს ოპოზიციას, ამიტომ ჯობია, დროზე გონს მოეგონ და გადმოდგან ნაბიჯები, რომლებიც წაადგება ქვეყანას და დემოკრატიას;

…სიამოვნებით დაველოდებით ელისაშვილის პარტიასაც და „გირჩსაც“ პარლამენტში“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.


ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეებსა“ და იაგო ხვიჩიას თავმჯდომარეობით „გირჩს“ შორის კონსულტაციები დღეს, 14 იანვარს შედგა.

პარტიების თავმჯდომარეები აცხადებენ, რომ ამგვარი შეხვედრის გამართვას აპირებენ როგორც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ისე „ქართულ ოცნებასთან“.

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თუ პოლიტპატიმრებსა და საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან შეთანხმებას მიაღწევს, მისი პარტია პარლამენტში შევა.

„გირჩისთვის“ პრიორიტეტი სრულად პროპორციული არჩევნებია ბუნებრივი ბარიერით. პარტია ოპოზიციას შემდეგ წინადადებას სთავაზობს:

„ჩვენ ჯერ ოპოზიციასთან ასეთი წინადადება გვაქვს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც მაინც უნდა ჩატარდეს, ვაქციოთ ერთგვარ პლებისციტად, რომლის შედეგებასაც უნდა დავუკავშიროთ ახალი არჩევნების ჩატარება – არჩატარების საკითხი. თუ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ჩავატაროთ ახალი არჩევნები 2022 წელს. თუ ადგილობრივ არჩევნებს იგებს ხელისუფლება, მაშინ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი მაინც გადაიწევს მეორე პლანზე, იმიტომ, რომ მას თავისთავად მოაკლდება ლეგიტიმაცია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.