რა ვიცით ამ დრომდე მოზარდის საქმეზე, რომელმაც სავარაუდო ზეწოლის გამო თვითმკვლელობა სცადა

პუბლიკა

11 დეკემბერს 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობის სცადა. თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი პოლიციის განყოფილებაში პოლიციელების მხრიდან მოზარდზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობაა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში  გამოკითხვაზე მისულ მოზარდს პოლიცია დანაშაულის აღიარების მოთხოვნით ემუქრებოდა  და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. რის შემდეგაც იმავე დღეს თვითმკვლელობის მიზნით მოზარდი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია და ინტენსიური მართვის განყოფილებაში იმყოფება.

რატომ დაიბარეს მოზარდი გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში?

„მწვანე სკოლის“ დირექტორის თქმით, 10 დეკემბერს უცხო პირმა ღამის საათებში თბილისში „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე ტერიტორია დააზიანა.  სკოლის დირექტორის თქმით,  სკოლის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ,  ყოფილი მოსწავლე შევიდა,  დააზიანა სკოლის ინფრასტრუქტურა, რის გამოც მიმართეს სამართალდამცავ უწყებებს.

შსს-ს ცნობით, სკოლის შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე 112-ში შეტყობინება სკოლის უსაფრთხოების მენეჯერმა გააკეთა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები. სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი, ამავე სკოლის მოსწავლე.

პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით გამოიკითხა მოზარდი, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა და რომელიც შს სამინისტროს ინფორმაციით „მწვანე სკოლის“ სკოლის ყოფილი მოსწავლეა.

სამინისტროს ცნობით, გამოკითხვაზე მისულმა მოსწავლემ „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა უარყო.  ის ორჯერ დაიკითხა ამ საქმეზე, პირველად 10 დეკემბერს, მეორედ 11 დეკემბერს. შსს-ს ცნობით, ორივე დღეს გამოკითხვა მშობლის თანდასწრებით წარიმართა და მოზარდის დედას პოლიციის განყოფილებაში პოლიციელების მიმართ პრეტენზია არ გამოუხატავს.

უწყების ცნობით, 11 დეკემბერს არასრულწლოვანი დამატებითი გამოკითხვის მიზნით, მშობლის ინიციატივით, მშობელთან ერთად კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა  მოზარდმა უარი განაცხადა გამოკითხვაზე და დაახლოებით 40 წუთის შემდეგ  მშობელთან ერთად დატოვა პოლიციის განყოფილება.

რას ჰყვებიან ოჯახის წევრები?

ოჯახის წევრები მედიასთან ღიად კომენტარს არ აკეთებენ. „პუბლიკას“ იაშვილის კლინიკაში ოჯახის წევრებმა უარი უთხრეს კომენტარზე.

ტელეკომპანია „მთავარი“ ძმაზე დაყრდნობით ამბობს, რომ 11 დეკემბერს მოზარდი სახლში პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა. მან თქვა, რომ აღიარებითი ჩვენება ფსიქოლოგიური ძალადობის გამო მისცა და რომ გამოკითხვისას დაემუქრნენ მისი ძმის უსაფრთხოებით, რომელიც სამხედრო აკადემიაში სწავლობს.

ძმის კომენტარს ავრცელებს ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთი“.

როგორც არასრულწლოვნის ძმა, ბექა „ნეტგაზეთთან” ამბობს, თავად სამხედრო აკადემიაში სწავლობს და სამართალდამცველები მის ძმას აღიარებითი ჩვენების მისაღებად მისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ.

„მე დედაჩემისგან ვიცი ეს დეტალები. დედაჩემი ესწრებოდა გამოკითხვას, თუმცა რაღაც მომენტში რამდენიმე წუთით გაყვანილი ჰყავდათ მარტო. როგორც ვიცი, ზეწოლის გარკვეულ მომენტებს შეესწრო. დედაჩემის თვალწინ ემუქრებოდნენ ჩემთვის პრობლემების შექმნით. მე ვსწავლობ სამხედრო აკადემიაში. ეუბნებოდნენ, შენს ძმას შევუქმნით პრობლემებს, ალბათ, უთხრეს, გამოვაგდებინებთო, არ მახსოვს, ზუსტად რა სიტყვა იხმარეს”, – ამბობს ბექა “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, რამდენადაც მისთვისაა ცნობილი, მოზარდზე პოლიციაში ფიზიკურად არ უძალადიათ, თუმცა დაკითხვიდან არასრულწლოვანი ატირებული გამოვიდა და აღიარებითი ჩვენებაც მისცა, რომელიც მეორე დღესვე უარყო:

„ფიზიკურ ძალადობას, როგორც ვიცი, არ ჰქონია ადგილი. როდესაც ჩემი ძმა მარტო ჰყავდათ და ატირებული გამოვიდა, დედაჩემმა ჰკითხა, ხომ არ დაურტყამთო. როგორც ვიცი, უარყო.

მე ვიყავი გორში. ჩამოვედი მაშინ, როცა საავადმყოფოში დააწვინეს. ამ შემთხვევამდე მხოლოდ ტელეფონით ვესაუბრე. თავისთავად, როცა პოლიციიდან გამოვიდა, ატირებული და შეწუხებული იყო, პირველ დღეს აღიარა, მეორე დღეს კი უარყო ყველაფერი”, – ამბობს არასრულწლოვნის ძმა „ნეტგაზეთთან”.

მოზარდზე პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ძალადობაზე განცხადება გაავრცელა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც.

საია-ს განცხადებით, არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც აღნიშნული ორგანო იძიებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება მოუწევდა.

პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი გამოკითხვისას შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარების გაწევა მოითხოვა. თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა არასრულწლოვნის დედაც, თუმცა გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი მარტო დარჩა პოლიციის თანამშრომლებთან.

გამოძიება და შსს კომენტარი

შს სამინისტრო მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს იძიებს. პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტის გამოძიებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურის მიმართეს.

საია-ს განცხადებით, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას სწორედ ის განყოფილება აწარმოებს, რომელმაც არასრულწლოვანზე ძალადობა და იძულება განახორციელა.

„გამოძიების ფარგლებში ამოღებულია არასრულწლოვნის პერსონალური კომპიუტერი და მობილური ტელეფონი. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდეს და ხელი შეეშალოს საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას“, – ნათქვამი განცხადებაში.

რაც შეეხება ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს, საია-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას მისცეს ჩვენება.

„მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურმა დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ამოიღოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებაში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები; ასევე დაუყოვნებლივ მოახდინოს ყველა იმ პირის იდენტიფიკაცია, რომელსაც საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას არასრულწლოვანთან კომუნიკაცია ჰქონდა. გამოძიების ფარგლებში ასევე შესწავლილ უნდა იქნეს არასრულწლოვნის განყოფილებაში შესვლისა და მისი დატოვების დრო. ასევე, უნდა მოხდეს შსს-ს თანამშრომლების საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის შესწავლა, რითაც შესაძლებელია დადგინდეს, რომელ საათებში და რა სახის დოკუმენტაცია იყო შედგენილი არასრულწლოვნის განყოფილებაში ყოფნისას.

მოვუწოდებთ:

– სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს – დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული უკანონო ქმედებების ფაქტზე;

– საქართველოს გენერალურ პროკურატურას – თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად დაუქვემდებაროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს“, – ამბობენ საია-ში.