მოლაპარაკებისთვის არასწორი მგონია, ინიციატივა ინიციატივაზე მოდიოდეს ოპოზიციის მხრიდან - ვაშაძე

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც საქართველოში გუშინ, 17 იანვარს დაბრუნდა, „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ კონსულტაციასა და ინიციატივებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

ალეკო ელისაშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ორი პარტია მოლაპარაკების გაგრძელებას სწორედ გიორგი ვაშაძესთან, შემდეგ კი „ლელოსა“ და სხვა პარტიებთან გეგმავს.

„ფორმულას“ ეთერში გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ნებისმიერი ახალი ინიციატივა, რომელიც ოპოზიციას „ოცნებასთან“ მოლაპარაკების პროცესში უჩნდება, ოპოზიციისთვისვეა დამაზიანებელი.

მისი თქმით, ნებისმიერ იდეაზე მსჯელობა უშედეგოა, თუ „ქართული ოცნება“ არ გადადგამს რამე ნაბიჯს და არ დააფიქსირებს პოზიციას, მან პროცესს „წყლის ნაყვაც“ კი უწოდა.

„საერთოდ არ ვიცი, რატომ განიხილება შეხვედრა ასე აქტიურად, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, ნებისმიერი ახალი ინიციატივა ოპოზიციის მხრიდან, მუდმივად ახალი ინიციატივები, მოდით, ასე ვთქვათ – ეს არის წამგებიანი მოლაპარაკებისთვის, რადგან ჩვენ არ გვესმის არანაირი ინიციატივა „ქართული ოცნების“ მხრიდან.

რაც არ უნდა ვისაუბროთ, ცალ კარში თამაშივით არის, რომ ჩვენ ხან ერთი წინადადება, ხან მეორე, ხან მესამე… შეიძლება, მისაღები იყოს და შეიძლება მიუღებელი, მაგრამ ზუსტად მოლაპარაკებისთვის არასწორი მგონია, ინიციატივა ინიციატივაზე მოდიოდეს ოპოზიციის მხრიდან. ამიტომ პირველი – მე თვითიზოლაციაში ვარ და შეხვედრა ვერ შედგება; მეორე – ვფიქრობ, საერთო ფორმატში უნდა იყოს ნებისმიერი ასეთი საკითხი განხილული, მაგრამ აქაც კი ვერ ვხედავ აზრს. ხომ უნდა დავინახოთ რაღაც პროგრესი „ქართული ოცნების“ მხრიდან, ხომ უნდა გვითხრან, რომ რაღაც კომპრომისისთვის მზად არიან…

თუ ამას ვერ ვხედავთ, ჩვენ ახლა ერთმანეთში რაც უნდა ვისაუბროთ და სხვადასხვა ალტერნატივაზე ვიმსჯელოთ და მით უმეტეს საჯაროდ გამოვიტანოთ ეს ყველაფერი, შედეგზე როგორ უნდა გავიდეთ?! შედეგზე ვერ გავალთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ასეთი მსჯელობები იქნება საერთო ფორმატში. ყველას შეუძლია საკუთარი აზრი ჰქონდეს, მაგრამ ჩვენთვის, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“, სტრატეგიულად მოლაპარაკებებისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ მუდმივად ახალი ინიციატივებით კი არ გამოვდიოდეთ, ველოდოთ ინიციატივას „ქართული ოცნების“ მხრიდან და წნეხი გვქონდეს „ქართულ ონებაზე და არა ოპოზიციაზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

წამყვანმა გიორგი ვაშაძეს „გირჩის“ ინიციატივის შეფასება სთხოვა. იაგო ხვიჩია გამოვიდა ინციატივით, რომ თვითმმართველობის არჩევნები მოაზრებული იქნას ერთგვარად ,როგორც პლებისციტი – თუ მასში ოპოზიცია გაიმარჯვებს, 2022 წელს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

გიორგი ვაშაძე ამ ინიციატივასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებაზე უარს ამბობს, თუმცა აღნიშნავს, რომ მის შინაარსში „საინტერესო“ კომპონნეტებია.

„არასწორი მგონია, პირდაპირ გეუბნებით, ეს, რომ რაღაც ახალი წინადადება გაჩნდება ოპოზიციის მხრიდან, მერე ყველა ოპოზიციური პარტია აყალიბებს ამასთან დაკავშირებით აზრს, მერე ისევ ახალი ინიციატივა… ასე იყო პლებისციტთან დაკავშირებით და მოგვიტანა რამე შედეგი ამან? არა, ამიტომ არასწორია ეს ყველაფერი. თუ გაიმართება შიდა დისკუსია ოპოზიციაში მას შემდეგ, რაც რამე ინდიკაცია იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან, ჩვენ შემდეგ ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას…

წყალს ვნაყავთ, არაფერზე ვსაუბრობთ…“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი ინფორმაციით, „სტრატეგია ღმაშენებელმა“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო.


მე, ალეკო და „გირჩის“ სამი წარმომადგენელი რომ შევხვდეთ, გიორგის შევჭამთ, თუ რას ვუზამთ?! – ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმში“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას.

ლევან იოსელიანმა მზადყოფნა გამოთქვა, ერთიან ფორმატში შეხვდეს ისეთ პარტიებს, რომლებიც ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობენ.

„ძალიან გულდასაწყვეტია, თუ საუბარიც არ უნდათ გამოსავლის ძიებაზე. მე, ალეკო და „გირჩის“ სამი წარმომადგენელი რომ შევხვდეთ, გიორგის შევჭამთ, თუ რას ვუზამთ?! რა მოხდება იმით, რომ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. აქ საუბარია იმაზე, რომ ეს ნათლად აჩვენებს ტენდენციას, ვის უნდა ამ პროცესის მოლაპარაკებით დასრულება და ვის არა. სამწუხაროა, თუ გიორგი ვაშაძემ ასე რადიკალურად შეიცვალა მოსაზრებები, ლაპარაკზეც კი უარს ამბობს.

გააკეთონ ერთიანი ფორმატი იმ პარტიებმა, რომლებსაც არ უნდათ ცალ-ცალკე შეხვედრა, ერთიანად მივალთ და დაველაპარაკებით. არ აქვს მნიშვნელობა ცალ-ცალკე დაველაპარაკებით, თუ ერთიანად. მთავარია ის წინადადება, რომელიც გულისხმობს თვითმმართველობის არჩევნებს, რომლისთვისაც, როგორც გავიგე, მზადებას იწყებს გიორგიც და მისი პარტიაც, იქცეს ერთგვარ პლებისციტად, ვადამდელი არჩევნების თემა გადაწყვეტილი იყოს“, – აცხადებს იოსელიანი.