დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია შეინიშნება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. მან ასევე განაცხადა, რომ დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში იკლებს.
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მოყოლებული 21 დეკემბრიდან, ინციდენტობის მაჩვენებლის სერიოზული ვარდნაა. 11 იანვრიდან ეს გარკვეულწილად პლატოზეა გადასული, ანუ ამ პერიოდიდან დღემდე უკვე მკვეთრი ვარდნა ინციდენტობის აღარ შეინიშნება. ამიტომ სტაბილიზაციისკენ ვართ.
მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ინდიკატორი ამ შემსუბუქებისთვის არის, ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი, ტესტირებულიდან რამდენი არის დადებითი. დღევანდელი ჩვენ გვაქვს 6.1%, დღეს დილისთვის, გუშინ გვქონდა – 6.7, გუშინწინ – 7.7, ანუ კლების ტენდენციაა. აჭარაში, მაგალითად, ბოლო პერიოდში საშუალო დადებითობის მაჩვენებელი გავქვს 3%, რაც კარგია. 5%-ის დაბლა როცა მოდის დადებითობის მაჩვენებელი, ნიშნავს, რომ უკვე სიტუაცია სერიოზულად უმჯობესდება. გურიაში, მაგალითად, გვაქვს 7%, ეს ბოლო შვიდი დღის მაჩვენებლია. თბილისში გვაქვს ასევე 7%. ამიტომ თავი უნდა შევიკავოთ ჯერჯერობით შემსუბუქებისგან. სერიოზული შემცირებაა, რადგან ჩვენ ეს მაჩვენებელი ნოემბრის ბოლოს გვქონდა 30 და მეტი ზოგჯერ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ
რაც შეეხება გატესტილ ჯგუფებს, მისი თქმით, ტაქსის მძღოლები სულ 900 222 ადამიანი გაიტესტა და 67 იყო დადებითი, ანუ 0.7%. რაც მისივე თქმით, ნიშნავს, რომ ამ ჯგუფში გავრცელება არ არის.
„ბაზრის მოვაჭრეებში 1%-ია გავრცელება, 5 0035 ბაზრის მოვაჭრეა გატესტილი, რელიგიის მსახურებში გვაქვს ცოტა მეტი – 1. 5%. სულ 4 231 რელიგიის მსახურია გატესტილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.