კომენდატის საათის მიუხედავად, ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო მსვლელობას აწყობენ

პუბლიკა

ამ წუთებში, კომენდატის საათის ამოქმედების მიუხედავად სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის შენობიდან პარტია „ქართული ოცნების“ ოფისამდე საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ. „ოცნების“ ოფისიდან ისინი ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ გაემართებიან.

აქციის მონაწილეები პირველ ჯერზე მოითხოვენ, რომ „კომენდანტის საათთან“ ერთად, გაუქმდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული სხვა შეზღუდვებიც.

„ეს ლოქდაუნი და კარანტინი, რაც დღეს საქართველოშია, საერთოდ არავითარ შეხებაში არ არის კოვიდთან. ეს არის პოლიტიკური კარანტინი, რომელიც გამოუცხადა ივანიშვილმა იმ დიდ საპროტესტო მუხტს, რომელიც გამოიწვია გაყალბებულმა არჩევნებმა. არ უნდა, რომ ხალხი გამოვიდეს გარეთ და გაახანგრძლივებს [შეზღუდვებს] კიდევ ერთი თვით, ორი თვით, სამი თვით და ასე მონებივით უნდა ყავდეთ ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი ამას არ შეეგუება და ამას ვხედავთ დღეს აქ. თავისუფლების მოედანზე ვართ, კომენდანტის საათია, რომელსაც ვარღვევთ დემონსტრაციულად და ჩვენ აუცილებლად, ერთობლივად მშვიდობიანი პროტესტით გავუშვებთ უზურპატორ ივანიშვილს პოლიტიკურ სანაგვეზე“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეები, ასევე სოლიდარობას უცხადებენ სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი ფანგანს, რომელიც პოლიციამ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე დააკავა. ისინი ამბობენ, რომ აქტივისტს პოლიტიკურად დევნიან.


მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს გამართულ აქციაზე, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდენ და რეგულაციების მოხსნას ითხოვდენ, გაჟღერდა, რომ სახელმწიფოს ამ შეზღუდვების მოხსნისთვის 48-საათიან ვადა ეძლევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო შენობების პიკეტირება მოხდება.

აქციის მონაწილეები შეზღუდვების მოხსნა სხვადასხვა მიმართულებით ითხოვენ:
  • ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნა;
  • სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელების მოთხოვნა;
  • ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და მოიხსნას, საჭიროების მიხედვით, ყველა შეზღუდვა;
  • საზოაგდოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვის მოხსნა;
  • სახელოვნებო სივრცეების ფუნქციონირების აღდგენის მოთხოვნა კომენდანტის საათის შემსუბუქების მოთხოვნა და ა.შ.