NDI-ის კვლევა | კორონავირუსის ვაქცინა რომ არსებობდეს, მოსახლეობის 41% აიცრებოდა

პუბლიკა

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, მოსახლეობის 41% აიცრებოდა და შვილებსაც აცრიდა.

შეკითხვაზე – „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა/აცრა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები?“

გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ აიცრებოდა. ასევე 41% პასუხობს, რომ არ აიცრებოდა, ხოლო 17% პასუხობს, რომ არ იცის.

2020 წლის დეკემბრის შედეგები განსხვავებულია 2020 წლის ივნისის გამოკითხვის შედეგებთან.

შედარებისთვის, ივნისში ამავე შეკითხვაზე გამოკითხულთა 46% პასუხობდა, რომ არ აიცრებოდა, 38% პასუხობდა, რომ აიცრებოდა, ხოლო 15% პასუხობდა, რომ არ იცის.

„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) საქართველოში საზოგადოებრივი განწყობის კვლევას აქვეყნებს.


კვლევა დაფუძნებულია 2020 წლის დეკემბრის სატელეფონო გამოკითხვის შედეგებზე, ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-24 დეკემბერს.

NDI-ის ინფორმაციით, სატელეფონო ინტერვიუსთვის რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე – სულ 2053 დასრულებული ინტერვიუ.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), ასევე კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.1%