„1 წელი Covid-19-თან ერთად“ – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და გატარებული ღონისძიებების ანალიზის მეხუთე, 2020 წლის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს.
NCDC-ის ცნობით, საქართველოში COVID-19-ის გამოსავლენად PCR-მეთოდის გამოყენებით ტესტირება დაიწყო 2020 წლის 30 იანვარს.
ანგარიშის მიხედვით, 12 ნოემბრიდან COVID-19-ის შემთხვევის დადასტურებისთვის ქვეყანამ დაიწყო ანტიგენზე დაფუძნებული ტესტირება Ag-RDTs ტესტ სისტემებით, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კვალიფიცირებულ იქნა, როგორც მაღალი მგრძნობელობისა და სპეციფიკურობის, ცრუ დადებითი ან უარყოფითი შედეგის მინიმალური რისკით.
ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ქვეყანაში ჩატარებული ტესტების ჯამურმა რაოდენობამ 1 957 395 შეადგინა (52 662 ტესტი 100 000 მოსახლეზე), მათ შორის PCR- ტესტირებამ – 1 414 578 (38 058 ტესტი 100 000 მოსახლეზე) და ანტიგენზე დაფუძნებულმა ტესტირებამ – 542 817 (14 604 ტესტი 100 000 მოსახლეზე).
ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის განმავლობაში ქვეყანაში ჯამურად განხორციელებულია 265 550 ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი მარტივი ტესტირება.
2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, COVID-19-ზე PCR-ტესტირებას ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს 33 ლაბორატორია.
ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი ლაბორატორიების მიერ ჩატარებული PCR კვლევების წილი PCR მეთოდით ტესტირებების საერთო რაოდენობაში 26.3%-ს შეადგენდა (მაისი – 79%, ივლისი – 50%, სექტემბერი – 34%).
2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი 11,6%-ს შეადგენდა.
NCDC-ის ანგარიშს სრულად გაეცანით ბმულზე.
წარმოდგენილ დოკუმენტში შეტანილი ინფორმაცია ეფუძნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს. წინამდებარე გამოცემაში მონაცემები ასახულია 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შესაბამისად, დოკუმენტში ყველა მაჩვენებელი წარმოდგენილია საანგარიშო პერიოდისთვის, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული.