1 თებერვლიდან დაშვებული იქნება საქონლის გადაცვლა, ასევე გასახდელები – ცქიტიშვილი

პუბლიკა

ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა, სავაჭრო ქსელებისა და მაღაზიების მფლობელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ნებისმიერი გახსნა უნდა იყოს ეტაპობრივი და ფრთხილი.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, სავაჭრო ქსელებისა და მაღაზიების მენეჯმენტთან მთავარი განხილვის თემა იყო ის, თუ როგორ უნდა იმუშაონ ობიექტებმა 1 თებერვლიდან ისე, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება.

„დღეს შეხვედრა შედგა ძირითადი სავაჭრო ქსელებისა და მაღაზიების მენეჯმენტთან. ეს არის ის ბიზნესი, რომელიც პირველი თებერვლიდან უნდა გაიხსნას მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იყო, თუ როგორ იმუშავებს ეს ქსელები ისე, რომ არ დავუშვათ ინფექციის სწრაფი გავრცელება. გავიხსენეთ ერთკვირიანი წინასაახალწლო პერიოდი, როდესაც სავაჭრო ქსელებმა ზედმიწევნით შეასრულეს ყველა რეკომენდაცია და ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზეც არის ის, რომ ეს გახსნის პერიოდიც ისე გავიაროთ, რომ ეპიდაფეთქება არ მივიღოთ.

ჩვენ შევთანხმდით, რომ შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების ოპერირების წესების შემსუბუქება. მაგალითად, საახალწლო პერიოდში არ იყო დაშვებული საქონლის გადაცვლა, რაც პირველი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება. ასევე, შესაძლებელი იქნება გასახდელების შემსუბუქება, ისევე, როგორც გარკვეული შემსუბუქება იქნება ერთ კვადრატულ მეტრზე დაშვებულ ადამიანებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საათების გადახედვას, შაბათ-კვირის შეზღუდვას, ჩვენ ავხსენით იმ გადაწყვეტილებების ლოგიკაც, რასაც ეს შეზღუდვები ეფუძნება. შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც არსებობს სრული აღქმა, რომ ნებისმიერი გახსნა უნდა იყოს ეტაპობრივი, ფრთხილი და თუ მობილობას ვზრდით ამ ეტაპზე გარკვეული შეზღუდვებით უნდა დავაკომპენსიროთ“, განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.