ე.წ. კარტოგრაფების საქმის ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მოსამართლე ლელა კალიჩენკომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სასამართლომ მათ 20-20 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
საქალაქო სასამართლოში დღევანდელი პროცესი გრძელდება. სხდომაზე ახალი მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ.
პროკურატურა გირაოს სახით 30-30 ათასი ლარის დაკისრებას მოითხოვდა.
როგორც დღეს საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალების შესაბამისად, აქედან გამომდინარე, გამოძიების აქცენტი მიმართულია დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისათვის.
„შესაბამისად, რადგან მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება არის ამოწურული, დღევანდელ პროცესზე მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი. ამ ეტაპისთვის მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ პატიმრობის გამოყენებას”, – განაცხადა მან.
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან ბრალდებულები.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.