სასამართლოსთან მელაშვილისა და ილიჩოვას მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ბრალდებულების ოჯახის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები მხარდამჭერ აქციას მართავენ.

აქტივისტებს მიტანილი აქვთ ბანერი წარწერით – „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ – ისინი სასტვენებით აპროტესტებენ მელაშვილისა და ილიჩოვას საქმის მიმდინარეობას.

სასამართლოს ეზოში შეკრებილ ათობით ადამიანს და სასამართლოს შენობას შორის პოლიციის ცოცხალი ჯაჭვი დგას.

ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე პროკურორის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ივერი მელაშვილს ფარულ ჩანაწერში ბრალი არ უღიარებია, რადგან მას დანაშაული არ ჩაუდენია.

თამარ სულაძე ამბობს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება გირაოს შუამდგომლობის დაყენებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ნებასთანაა კავშირში.

„ვინც ეს საქმე შეთხზა და მოიგონა, მინდა, ისინი დაისაჯონ. ვინც ასეთ ჯოჯოხეთში გაგვატარებინა ეს თვეები, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე“, – განაცხადა მან.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის მიერ მოგვიანებით გმირად შერაცხული დავით ხიდაშელის დახმარებით, ოპოზიციის წინააღმდეგ ახალი პროპაგანდისტული კამპანია ააგორა და მის განსახორციელებლად ქვეყნის ერთგული მოქალაქეები – ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი ციხეში გამოკეტა. ისინი არც პოლიტიკოსები ყოფილან, არც ყოფილი მაღალჩინოსნები და არც აქტივისტები, თუმცა, როდესაც სისტემა მიზანს ისახავს, მისი მსხვერპლი ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს“, – წერია აქციის საორგანიზაციო ტექსტში.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სახელისუფლებო პროპაგანდა დავითგარეჯის საქმით მანიპულირებს, სამშობლოს ერთგული ადამიანები კი გადარჩენისთვის იბრძვიან.

„ივერისა და ნატალიას პატიმრობა ქვეყნის სირცხვილია“, – აცხადებენ ისინი.

ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე სასამართლოს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართვას აპირებს დაცვის მხარეც.