ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოში უცხო ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეების შემოსვლის ახალ რეგულაციებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ მიმართულებით რეჟიმის გარკვეული შემსუბუქება იგეგმება. კერძოდ:
საქართველოს მოქალაქეებისთვის:
„მოგეხსენებათ, რომ ახლა მოქმედებს საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის ამგვარი წესი: ისინი შემოდიან ან ნეგატიური PCR-ტესტით და გადადიან 8-დღიან თვითიზოლაციაში ან იმ შემთხვევაში, თუ მათ არ აქვთ PCR-ტესტი ქვეყანაში შემოსვლისას, ექვემდებარებიან 12-დღიან თვითიზოლაციას.
1 თებერვლიდან რეგულარული ფრენის აღდგენასთან ერთად საქართველოს მოქალაქეებისთვის ხდება გარკვეული შემსუბუქება – კერძოდ, მათ ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური PCR-ტესტით და ძველებულად 8-დღიან თვიზოლაციაში გადაინაცვლონ ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR-ტესტი ჩაიტარონ და ასეთ შემთხვევაში თავისუფლები იქნებიან თვითიზოლაციისგან.
ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც [შემოსვლისას] არ ექნება ნეგატიური PCR-ტესტი, 12-დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, 8-დღიანი თვითიზოლაცია წესდება”, – განაცხადა თურნავამ.
უცხო ქვეყნის ვიზიტორებისთვის:
მინისტრის განმარტებით, ნებისმიერი ტიპის COVID-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების (2 კურსის) დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება საქართველოში უპირობო შემოსვლა.
რაც შეეხება არავაქცინირებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს – ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, ამავე ქვეყნებიდან ტრანზიტულად ვინც შემოდის საქართველოში – ექნებათ შესაძლობლობა, შემოვიდნენ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მესამე დღეს სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი. ანუ ჩვენ ვაუქმებთ თვითიზოლაციის ვალდებულებას”, – აცხადებს თურნავა.
როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, ავიაკომპანიებს მიმართავენ თხოვნით, რომ თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებთაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი ან COVID-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი.