„ცუდად ვარო დაკითხვის დროს უთქვამს და სასწრაფო მოითხოვა, მაგრამ უარი უთხრეს“ – მოზარდის ძმა

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ახალი კვირა“  მოზარდის ძმა პოლიციის განყოფილებაში ძმის გამოკითხვის შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს. მოზარდი, რომელმაც პოლიციის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო თვითმკვლელობა სცადა, ისევ კრიტიკულ მდგომარეობაშია.

„ახალ კვირასთან“  საუბარში ძმა ამბობს, რომ ორივე დღეს მოზარდი დედასთან ერთად იმყოფებოდა დაკითხვაზე, თუმცა რამდენიმე წუთი პოლიციამ მისი ძმა ცალკე გაიყვანა, რის შემდეგაც მან დანაშაული აღიარა.

„მიმდინარეობდა დაკითხვა. ეუბნებოდნენ ჩემს ძმას, რომ კამერებში ამოგიცანით და აღიარეო. 4 საათის განმავლობაში უარყოფდა. ამ უარყოფის შემდეგ რამდენიმე წუთით პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს გაყვანილი ჰყავდა, დიდი ხნით არა, როგორც დედაჩემისგან ვიცი. ეგრევე დაბრუნდა, თუმცა, როცა დაბრუნდა, უკვე იყო ატირებული და ყველაფერი აღიარა.

დედაჩემთან დაკითხვის დროსაც იყო მუქარები, რომ შენს ძმას სასწავლებელში პრობლემებს შევუქმნით. ხომ იცი შენნაირებისთვის ათასისთვის მოგვიგრეხია კისერი. გინების ფაქტიც იყო, როგორც ვიცი დედაჩემისგან. ჩემს ძმას ცუდად ვარო უთქვამს, მოუთხოვია სასწრაფო დახმარება, რაზეც უარი უთხრეს”, – ამბობს მოზარდის ძმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ  მოზარდი დაკითხვის დროს შეუძლოდ გახდა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას ითხოვდა.

როგორც ძმა ამბობს, დედას შეეშინდა დაკითხვის მომენტში და ვერაფერი გააკეთა. მისი თქმით, რადგან მოზარდი აღელვებული იყო, მაგიტომ დაიბარეს მეორე დღეს.

„მეორე დღეს, როდესაც ისევ დაკითხვაზე მივიდნენ, ჩემმა ძმამ ისევე უარყო. ესენი გაბრაზდნენ, შენი ბავშვები კი არ ვართო. სახლში წამოსვლის შემდეგ დედაჩემს და ჩემს ძმას ჰქონდათ საუბარი – დედაჩემი ეუბნებოდა, რომ არ იყო პრობლემა, თუ მისი გაკეთებული იყო, არავინ დაიჭერდა. ისევ თქვა, მე არ ვყოფილვარო. რაღაც პერიოდი დედაჩემმა ყურადღება რომ მოადუნა, ადგა და წავიდა  ჩემი ძმა. თქვა, რომ დღეს აღარ მოვალო. დედაჩემმა მაშინვე დაურეკა იმ პიროვნებას, რომელიც საქმეს იძიებდა, თუ არ ვცდები, მარი ერქვა. იმან უთხრა მე როგორ დაგეხმარო, შენი შვილი რომ არის გორში ის ჩამოვიდეს და იმან მოგიძებნოსო”, – ამბობს მოზარდის ძმა.

როგორც არასრუწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს, ისე პოლიციელების მხრიდან დაკითხვის დროს მოზარდზე სავარაუდო ზეწოლის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. 


ექიმების ცნობით, 15 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის მართვით სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ექიმის ცნობით, არასრულწლოვანი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

10 დეკემბერს დიღმის პოლიციის განყოფილებაში გამოიკითხა 15 წლის მოზარდი, რომელმაც პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა და მეცხრე სართულიდან გადმოხტა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.