ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას დღეს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს – რატომ გაივლიან ვირუსზე სავალდებულო სისტემურ ტესტირებას მხოლოდ პედაგოგები და არა მოსწავლეები? – გაბუნიას განცხადებით, „ვირუსის შემთხვევაში მასწავლებლები უფრო მეტად არიან რისკის მატარებლები“.
„მასწავლებლების შემთხვევაში, ჩვენი სამიზნე არის პედაგოგიური პერსონალი, ასევე სხვა დასაქმებულები სასკოლო გარემოში. ბავშვებთან დაკავშრებით ასეთი ტიპის სისტემური ტესტირების შესახებ ჯერჯერობით არც მკაფიო მონაცემი არსებობს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ხელს შეუწყობდა და რესურსის თვალსაზრისით, ძალიან რესურსტევადია ეს პროგრამა. ამიტომ ამ ეტაპზე უპირატესობა ენიჭება მასწავლებლების ტესტირებას, რადგან ისინი უფრო მეტად არიან ჯანმრთელობის რისკის მატარებლები ვირუსის შემთხვევაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილემ სასკოლო გარემოში მხოლოდ დასაქმებულთა ტესტირებაზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ „პროპორციულად 20% არის ის მაჩვენებელი, რაც გვაძლევს გარკვეულ მონაცემებს ინფექციის ზოგადად გავრცელების შესახებ“.
განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ 29 იანვარს განაცხადა, რომ ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20% სავალდებულო სისტემატურ ტესტირებას გაივლის, 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე.
სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლაში დასაქმებული ყველა პირი უნდა დარეგისტრირდეს ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას. აღნიშნული პროცესი სკოლებში უკვე დაწყებულია.