გარეჯის საკითხზე დარჩიაშვილის გამოკითხვა დასრულდა

პუბლიკა

ყოფილმა პარლამენტარმა, დავით დარჩიაშვილმა პროკურატურის შენობა დატოვა. დარჩიაშვილი პროკურატურაში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იყო დაბარებული.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ, დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კითხვები ძირითადად შეეხებოდა იმას, თუ რა იცის გარეჯის საკითხზე და საინდან იცის ამ საკითხის შესახებ. მისი შეფასებით, პროკურატურის მხრიდან მისი განცხადებებით დაინტერესება არის სამართლისა და სუბიექტური შეფასებების აღრევა და მას დემოკრატიულ სამართალთან საერთო არაფერი აქვს.

„იყო კითხვები – ზოგადად რას ვფიქრობ? საიდან მაქვს ცოდნა გარეჯის პრობლემის შესახებ? ვისგან რა ვიცი? – ამ ფორმას არ გაცდენია. ერთადერთი გითხარით და ოქმშიც ჩავწერე, რომ ეს არის აბსურდი, სამართლისა და სუბიექტური შეფასებების ერთმანეთში აღრევა, როდესაც მეუბნებიან, რომ თურმე მე ქვეყნის საზიანო განცხადება გავაკეთე. შეიძლება ეს პოლიტიკურ ოპონენტს მიაჩნდეს ასე – რომ მე გავაკეთე ქვეყნის საზიანო განცხადება, ჯონდი ბაღათურიას შეუძლია რომ ასე მიაჩნდეს. მაგრამ როგორც კი აქ ერევა პროკურატურა, ეს უკვე საბჭოთა სამართალია. ამას დემოკრატიულ სამართალთან არაფერი საერთო არ აქვს“, – თქვა მან

მისი თქმით, გუშინ  უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის მხრიდან გაკეთებული პოლიტიკური შეფასებები, რომელიც  მიხეილ სააკაშვილის 2007 წელს დავით გარეჯის თემაზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, იყო საბჭოური დევნის სტილის განცხადებები.

„პოლიტიკური შეფასებები, რაც მიხეილ სააკაშვილის 2007 წელს დავით გარეჯის თემაზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა გია ვოლსკის მხრიდან, იყო ტიპური საბჭოური დევნის სტილში გაკეთებული“, –  თქვა დარჩიაშვილმა.

გუშინ, 2 თებერვალს პლენარულ სხდომაზე პარლამენტარმა გია ვოლსკიმ გაიხსენა მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი განიხილა.

„სულ ახლახან გამოქვეყნდა განცხადება, რომელსაც 2007 წელს აკეთებს პრეზიდენტი სააკაშვილი – ისე უნდა გავყოთ საზღვარი მეზობელ ქვეყანასთან, რომ ეს სიმაღლე, რომელიც მას სტრატეგიულად სჭირდება, მისი უნდა იყოს, ხოლო კომპლექსი უნდა იყოს ჩვენიო. ლოგიკურად, მიწათმომწყობიც კი ადვილად გაერკვევა იმაში, რომ ეს არის აბსურდი. და თუკი ამ აბსურდს კონკრეტული ადამიანები მიყვებიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც ერთმა დააშავა. სისტემამ დააშავა და ამას საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს. ეს ხომ იგივეა, რომ თქვა, აგერ, მეზობელ რომელიმე ქვეყანას მთაწმინდას დავუთმობ, სჭირდება. და დანარჩენი ტერიტორია ისე შემოიხაზება, რომ ჩვენად უნდა დარჩესო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ


BACK IN THE USSR – დავით დარჩიაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს ამ  წარწერიანი მაისურით მივიდა. დარჩიაშვილი პროკურატურაში 2012 წელს გარეჯთან მიმართებით გაკეთებული განხცადების გამო დაიბარეს.

„ვისაუბრე [2012 წელს], რაზეც ახლა ვსაუბრობ, რომ ის საზღვრები, რომლებიც არის ორჯონიკიძე-სტალინის პასუხისმგებლობა, ახლა ილიჩოვა-მელაშვილის პასუხისმგებლობა გახდა ამათი ჭკუით. ეს არის პროვოკაცია, საბოტაჟის დაბრალება და კიდევ ათასი უბედურება, პოლიტიკური ინტერესი – რაც ამის უკან იკითხება. მაშინ ვამბობდი სწორედ ამას, რომ ეს არის საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობა, რაც ჩვენ გვერგო და მის გამოსწორებას, როგორც წესია, კომისია საერთაშორისო სამართლის მიხედვით ცდილობს. ისინი კიდევ კომისიას აბრალებენ იმას, რაც არ უნდა დააბრალონ“, – განაცხადა მან „პუბლიკასთან“.