ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე შსს განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

ნამახვანჰესის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში ადგილობრივი მოსახლეობა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მხარდამჭერები მორიგ აქციას მართავენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები დგანან დემონსტრაციის ადგილისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ ოფურჩხეთში და ავტომობილებს ამოწმებენ, ჩხრეკენ და საბარგულებს ამოწმებენ.

შსს მანქანების შემოწმებაზე ინფორმაციას ადასტურებს და განცხადებას ავრცელებს.

შსს ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ავტომობილი შეაჩერეს.

„ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოღებულია ვინჩესტერის
მოდელის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ე.წ. „დუბინკა“.
პოლიციამ ჩამორთმევის შემდეგ მფლობელებს განუმარტა რომ აღნიშნული ნივთები აქციის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებოდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.” – ვკითხულობთ განცხადებაში.