„თეა წულუკიანი იქნება ბრწყინვალე მინისტრი იმიტომ, რომ ძალიან პრინციპულია. ძალიან დიდ პატივს ვცემ ქალბატონ თეას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ.
შეკითხვაზე, კვალიფიცური კანდიდატია თუ არა წულუკიანი კულტურის მინისტრობისთვის, ბოლქვაძე პასუხობს:
„რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ უჭკვიანესი ადამიანია“, – განაცხადა ბოლქვაძემ და დასძინა, რომ მან არ იცის, იგეგმება თუ არა თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად წარდგენა, თუმცა, მისივე თქმით, ამ საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს.
იგეგმება თუ არა თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა? – ამ შეკითხვაზე თავად თეა წულუკიანი მედიას არ პასუხობს, თუმცა, როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატი ქეთევან დუმბაძე ამბობს, „ალბათ, მაქეთ მიდის საქმე“. კიდევ ერთი დეპუტატი მაია მენაღარიშვილი კი ამბობს – „როგორც ვიცი, იგეგმება“.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, წულუკიანს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ჩააბარებენ, „რაზეც მმართველ გუნდში კონსულტაციები უკვე შედგა“.
#cancelThea – თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის წინააღმდეგ მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს, რომელსაც უკვე ხელს აწერს კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი.