დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლოც იმავეს იტყვის - მდინარაძე ჯაფარიძის სარჩელზე

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ის, რომ ზურაბ ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, მისასალმებელი ნაბიჯია.

„მივესალმებით ამ ნაბიჯს, იქედან გამომდინარე, რომ მათ არ სჯერათ საერთაშორისო პარტნიორების, გასაგებია, რომ არ სჯერათ „ქართული ოცნების“, არ სჯერათ ჩვენი.

ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში გასააჩივრეს, რომელიც დარწმუნებული ვარ, იგივეს იტყვის, იქედან გამომდინარე, რომ არის კონკრეტული სამართლებრივი თემები, რაზეც ვფქრობ, ორი აზრი ვერ იარსებებს. დისკრეცია არის დისკრეცია საქართველოს პარლამენტის, რომელსაც შეუძლია მიიღოს ერთი ან მეორე გადაწყვეტილება“, – განაცხადა მან.


„გირჩი – მეტი თავისუფლების“ დამფუძნებელი ზურა ჯაფარიძე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შენარჩუნების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 39-ე მუხლს.

„დაახლოებით ორი თვე იქნება, რაც განცხადება დავწერე და მოვითხოვე მანდატის გაუქმება. რაზეც პარლამენტმა უარი მითხრა. ეს არ არის მხოლოდ მანდატის საკითხი. მანდატთან ერთად მე შეზღუდული მაქვს სხვადასხვა უფლება, საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა არაფრის კეთების უფლება არ მაქვს იმის გამო, რომ ფორმალურად მანდატი არ გამიუქმეს. გარდა ამისა, სახელმწიფო ჩემგან მოითხოვს დეკლარაციის ჩაბარებას და ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯერ ჯარიმას დამაკისრებენ, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს ყველაფერი არაკონსტიტუციურია, ეს სიგიჟეა, რომ ადამიანს ავალებდე, გინდა თუ არა, აქ იმუშავეო“, – განაცხადა ჯაფარიძემ.


2 თებერვალს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა კენჭი უყარეს და მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის სიით არჩეული 51 დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს.