საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდს აღებული აქვს ვალდებულება, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი დაიწევს 0%-დან 3%-მდე.
„ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის, უბარიერო სისტემასაც, თუმცა ამავე ფარგლებში ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ამ განცხადებით გამოეხმაურა „გირჩის“ პირობას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ „ქართული ოცნება“ სრულად პროპორციულ, უბარიერო სისტემას დათანხმდება, „გირჩი“ შევა პარლამენტში და მასთან ერთად სხვა პოლიტიკური ძალებიც.
„იმ შემთხვევაში, თუ სრულად პროპორციული, უბარიერო სისტემა დაიდება, „გირჩი“ შევა პარლამენტში და დარწმუნებულია, რომ სხვა პოლიტიკური ძალებიც შევლენ, უბრალოდ, [მდინარაძის] დღევანდელი განცხადება არის საუბრის დაწყება და არა პირობა“, – ასე შეაფასა მამუკა მდინარაძის ბრიფინგი „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ.
მამუკა მდინარაძისა და იაგო ხვიჩიას ამ განცხადებებზე მოსაზრებები გამოთქვეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. საკითხის განხილვამ TV პირველის ეთერში კამათიც კი გამოიწვია.
პარტია „ლელოს“ წევრის, ლევან სამუშიას განცხადებით, პარლამენტში შესვლის მთავარი პირობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. მისი თქმით, ბუნებრივ ბარიერს „ლელოც“ ემხრობა, თუმცა მთავარი მოთხოვნა მაინც ვადამდელი არჩევნებია, ასევე პირების მიმართ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა.
„ცოტა უცნაური პირობაა „გირჩის“ მხრიდან. „გირჩმა“ დადო პირობა სხვა ოპოზიციის სახელით, რომ ისინი დაითანხმებდნენ და შეიყვანდნენ, მაგრამ პირობის უცნაურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ბატონი იაგო და მისი კოლეგები „ქართულ ოცნებას“ ეუბნებიან შემდეგ რამეს: თუ დავითანხმეთ, შემოვალთ, მაგრამ თუ არ დავითანხმეთ, მაინც შემოვალთო. საბოლოოდ, მაინც შედიან. „ლელოს“ სახელით გეუბნებით, ერთგული ვართ იმ პოზიციის, რა პოზიციაზეც ვიყავით, სიყალბეში მონაწილეობას არ ვიღებთ“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ დაიცვას ვადამდელი არჩევნების პრინციპული მოთხოვნა.
„ის, რომ მივიღოთ ვადამდელი არჩევნები, რომელიც არის ყველაზე ფუნდამენტური მოთხოვნა, აქედან გადახვევას, ვინც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებს, არავინ გადაუხვევს ამ მოთხოვნას.
იაგოს და ვახოს არაერთხელ უთქვამთ, რომ ისინი არ შევლენ პარლამენტში, თუ არ შევა ენმ, მაგრამ, როგოც ვხედავთ, სხვა ადამიანების არ იყოს, სიტყვის გადათქმა ზოგისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მე ასე არ აღვიქვამ პოლიტიკურ პროცესს.
…ისინი შედიან „ქართულ ოცნებაში “, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავას საპასუხოდ იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მას პირობა არ გაუტეხავს, რადგან ჯერ პარლამენტში არ შესულა.
„მე ვიცი და მჯერა, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ეს დადო, სინამდვილეში ნიშნავს, რომ „ოცნება“ უარს აცხადებს ერთპიროვნულ მმართველობაზე. გასაგებია, ეს თუ მივიღეთ, ერთპიროვნული მმართველობა მორჩება. „ქართულმა ოცნებამ“ ეს თუ დადო, მე დარწმუნებული ვარ, ქალბატონი თინა ბოკუჩავაც შემოვა პარლამენტში და კიდევ ბევრი სხვა კარგი ადამიანი. რჩევა მექნება, მე 4 წელი პარლამენტში ამ ადამიანებისთვის, რომელსაც შუალედში ნალანძღი ვყავარ და მერეა შემოსული პარლამენტში, ძაან რთული ასატანი ვიქნები.
რაც არ უნდა ახლა ამათმა იძახონ, რომ მე ოპოზიციურ ერთობას ვღალატობ და ა.შ., ცოტახანში ძაან მარტივად გაიასნდება ყველასთვის, რომ სინამდვილეში სააკაშვილის ერთპიროვნულ მმართველობას ვერ უღალატეს, ვინც მაკრიტიკებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„გირჩის“ თავმჯდომარის თქმით, ის პარლამენტში ტრიუმფით შევა იმ შემთხვევაში, თუ „შეარიგებს“ ამ ქვეყანაში დაპირისპირებულ პოლიტიკურ სპექტრს. მისი განცხადებით, ის არკვევს, ვინ არის ამის წინააღმდეგი.
„თუ „ქართულმა ოცნებამ“ დადო ბუნებრივი პროპორციული ბარიერი, ჩემთვის გასაგებია, რომ ამ ხალხს არ უნდა ერთპიროვნული მმართველობა. გადაიაზრეს, ბიძინა წავიდა… თუ ამაზე არ მოდის ოპოზიცია, თავისი ქმედებით ხელს უწყობენ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ერთადერთი, მე იქ არაფერი არ მესაქმება“, – განაცხადა ხვიჩიამ.
„ლელოს“ წევრმა ლევან სამუშიამ იაგო ხვიჩიას მიმართა შეკითხვით, გაყალბდა თუ არა არჩევნები.
„არ მაქვს მტკიცებულება საკმარისი, რომ ეგ ვიძახო“, – უპასუხა ხვიჩიამ.
სამუშიამ განაცხადა, რომ არსებობდა მტკიცებულებები, 100-ობით საჩივარი, რომელიც, მისი თქმით, წარმოებაში არ მიიღეს. იაგო ხვიჩიამ მას მიუთითა, რომ ეს საჩივრები, ალბათ არაუფლებამოსილმა პირმა შეიტანა.
„ამას გუშინ მეუბნებოდა „ქართული ოცნება“. ასე როგორ დაახლოვდით? სრული სამართლებრივი მოთხოვნების კანონმდებლობის დაცვით იყო შეტანილი“, – მიმართა სამუშიამ იაგო ხვიჩიას.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ არჩევნები „მოიპარა“ ბიძინა ივანიშვილმა იმის გამო, რომ კოალიციური მმართველობა არ დასჭირვებოდა.
„წარმოუდგენელია, რომ 3 თვის წინ ის აყალბებდა არჩევნების იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ერთპიროვნული მმართველობა, ახლა უცებ გაკეთილდა ბატონი ბიძინა, წავიდა პენსიაში და გადაულოცა დემოკრატიული მმართველობისთვის ყველა დანარჩენს, წევს ბარიერს, აბსურდია. ერთადერთი პოზიტიური, რაც შეიღება მივიღოთ, ეს არის ფართო პოლიტიკური შეთანხმბა, რომლის ნაწილიც ამათუიმ ფორმით უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავას საპასუხოდ იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ფასილიტატორებთან მოლაპარაკების მაგიდაზე ვერ ამტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.
„ვატყუებთ მაყურებლებს, თითქოს დიდი ვაჟკაცები ვართ და ბატონი ლევანი დარბის საჩივრებით და ამერიკელი ელჩი დაარწმუნა“, – აღნიშნა ხვიჩიამ. მისი თქმით, „ყველა აღიარებს, რომ არჩევნები ჩატარდა ხარვეზებით“.
იაგო ხვიჩიას საპასუხოდ ლევან სამუშიამ განაცხადა, რომ ფასილიტატორებთან შეხვედრაზე მტკიცებულებებით არავინ დადის, არც ელჩები არიან მოსამართლეები. მისი თქმით, ვერც ერთი ქვეყნის ელჩი ვერ ეტყვის პოლიტიკურ ძალას, რომ არ შევიდნენ პარლამენტში.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, პარლამენტში შესვლას არავინ არ აპირებს.
„ვერ მოისმენდა ბუნებაში ვერავინ, რომ ვიღაცამ თქვას, რომ დაბალი ბარიერის გამო შევალთ. ჩვენ გამოვედით გაყალბებული არჩევნების გამო. „გირჩს“ თავად უნდა შესვლა, მაგრამ არ სურთ, რომ მთლად ელისაშვილის გზა გაიარონ, უფრო კარგად უნდათ, მაგრამ ვერ ხდება უფრო კარგად ეგეთი გზების გავლა. ტრიუმფს და ტყლაპოს განსაზღვრავს ხალხი. ამას იაგო თავის თავს ვერ გამოუცხობს ვერც ტრიუმფს და ვერც ტალახს, ამიტომ ერთი რჩევაა – შესვლაზე საუბარი ზედმეტია, ამიტომ ნუ წვალობენ და ნუ იტანჯებიან, მსგავსი რამ ჩვენგან არ მოუსმენიათ. ჩვენ გამოვედით გაყალბებული არჩევნების გამო და არა ბარიერის. ზუსტად ამიტომ არ შევხვდით ოპოზიცია ამ ადამიანებს, სანდოობას არ იწვევდნენ ჩვენში“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.