ბოლო 24 საათში რეგულაციების დარღვევის 665 ფაქტი გამოვლინდა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 665 ფაქტი გამოვლინდა.

უწყების ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 168 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

„გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 497 ფიზიკური პირი დაჯარიმდა“, – აცხადებს შსს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.