ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს ალერგიული მდგომარეობის შეფასებისა და პრევენციის პროტოკოლს, რომელშიც დეტალურად იქნება განსაზღვრული, თუ რა შეკითხვები უნდა დაისვას, სანამ ვაქცინაცია ჩატარდება.
„ჯანდაცვის სამინისტრო ამ კვირაში დაამტკიცებს ალერგიული მდგომარეობის შეფასებისა და პრევენციის პროტოკოლს, რომელიც მოამზადა ალერგოლოგების ექსპერტთა ჯგუფმა. მასში დეტალურადაა განსაზღვრული ის შეკითხვები, რომელიც უნდა დაისვას მდგომარეობის შესაფასებლად, ვიდრე ვაქცინაცია ჩატარდება და შესაბამისად, შესაძლო ალერგიული რეაქციის მართვა“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ამ დეტალებზე ტრენინგი უკვე დაწყებულია. გაბუნიამ აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საშუალებით გახდება ცნობილი მოსახლეობისთვის დეტალურად იმ მდგომარეობების შესახებ, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს ვაქცინაციამდე.
„ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ჩაერთვება პროგრამაში, რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე გაივლის ამ ტრენინგს. რა თქმა უნდა, სრულად მოიცავს ყველას. დეტალური საინფორმაციო პაკეტი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ მწარმოებლებისგან ურთიერთგანსხვავებულია. pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინების საინფორმაციო პაკეტი ერთმანეთისგან განსხვავდება“, – თქვა მან.
მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უმრავლეს შემთხვევაში მძიმე ალერგიუილი რეაქციები მოსალოდნელი არ არის და მილიონში შეიძლება ერთეული შემთხვევა დაფიქსირდეს.