თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლის მცდელობის 524 ფაქტი გამოვლინდა, 3 790 მგზავრს კი გაფრთხილება მიეცა პირბადის სწორად ტარებასთან დაკავშირებით.
როგორც კახა კალაძემ დედაქალაქსის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირბადის ტარების თაობაზე დაწყებული დაპირისპირების გამო ერთ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის გამოძახებაც კი გახდა საჭირო.
„რამდენიმე დღეა დაიწყო მუშაობა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. 524 მგზავრი საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ეცადა ასვლას, რაც ჩვენი თანამშრომლების მხრიდან აღკვეთილი იქნა. 3 790 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის ტარებასთან დაკავშირებით. მათ ძირითადად ცხვირზე არ ჰქონდათ პირბადე აფარებული. საპატრულო პოლიციის გამოძახება დაგვჭირდა ერთხელ. იყო დაპირისპირება პირბადის არგაკეთების გამო. ერთხელ კი არ დაიძრა ავტობუსი იმის გამო, რომ მგზავრი ამ მოთხოვნებს არ ემორჩილებოდა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კალაძე მადლობა გადაუხადა იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები და თვითონვე მოითხოვენ პირბადის გაკეთებას იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ცდილობს პირბადის გარეშე ავიდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან მიზანმიმართულად არ იკეთებს პირბადეს.
„ეს სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს მგზავრებში და როგორც გითხარით, იყო კონფლიქტური სიტუაციაც. თუმცა ეს კეთდება იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი. ჩემი თხოვნა იქნება, მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული ეს მოთხოვნები, იმიტომ, რომ ყველაფერი კეთდება, რათა დავიცვათ მოქალაქეები“,- განაცხადა კალაძემ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 469 პაციენტი და გარდაიცვალა 5 ადამიანი.