შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის თქმით, ხელისუფლება მსჯელობს, დამატებით რა ღონისძიებების გატარება შეიძლება, რომ ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე გაათავისუფლონ.
ახვლედიანის თქმით, ის შეხვდა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე ჰქონდა კომუნიკაცია ეუთოს თავმჯდომარესთან, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაზე სასაუბროდ.
„მიმდინარეობს მსჯელობა თუ როგორ გავაუმჯობესოთ და ვიპოვოთ დამატებით ის ეფექტიანი გზები, რაც უზრუნველყოფს ზაზა გახელაძის და უკანონო პატიმრობაში მყოფი ყოველი ჩვენი მოქალაქის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას.
ამ პროცესში, ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ განვიხილავთ და ხაზს ვუსვამთ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოკუპაციის, ანუ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე.
ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და მისცემს მათ მეტ საშუალებას, რომ ზეწოლა განახორციელონ საოკუპაციო რეჟიმზე“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.