მოძრაობა „საქართველოსთვის“ ორგანიზებით, აქტივისტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან „ქართული ოცნებისა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ საპროტესტო მსვლელობას აწყობენ.
აქტივისტები ქობულეთში 14 წლის გოგოს მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობისა და შემდეგ არასრულწლოვანის სავარაუდო თვითმკვლელობის საქმეზე სისტემის უმოქმედობას აპროტესტებენ.
ისინი ამბობენ, რომ შესაბამისმა უწყებებმა უნდა აიღონ ამაზე პასუხისმგებლობა. აქტივისტების ერთ-ერთი მოთხოვნაა ვახტანგ გომელაურის გადადგომა.
მსვლელობა ე.წ. კომენდანტის საათის დრო მიმდინარეობს. ის რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
წუხელ, 10 თებერვლის საღამოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დიაწყო.
გარდაცვლილი ბაბუამ იპოვა. როგორც ის ჟურნალისტებს ეუბნება, გოგო გასულ ზაფხულს გააუპატიურეს. მისი თქმით, ეს იცოდა პოლიციამ, გოგოს ჩაუტარდა შესაბამისი ექსპერტიზაც, თუმცა პასუხმა დაიგვიანა, რასაც, ბაბუის თქმით, არასრულწლოვანი განიცდიდა.