15 თებერვლიდან მოსწავლეები საკლასო ოთახებში ბრუნდებიან - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა

პუბლიკა

15 თებერვლიდან მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებში ბრუნდებიან, – აღნიშნულ თემაზე განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში ბრიფინგი გამართა და აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრომ განახლებული რეკომენდაციები ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უკვე მიაწოდა. სკოლები კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით.

მისივე განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ტერიტორიაზე პირბადეების ტარება აუცილებელია.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაციაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. კერძოდ, სსსმ მოსწავლეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება, ეძლევა შესაძლებლობა, სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსწავლის მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის დირექციას. დასწრებითი სწავლების პირობებში სამინისტრომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით, სკოლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა. მისი განმარტებით, განახლებული რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას დაეხმარება, სასწავლო პროცესი სსსმ მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების გათვალისწინებით დაგეგმოს.

რაც შეეხება, სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემურ ტესტირებას, მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი საჯარო და კერძო სკოლებში უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებისა და ინვენტარის მარაგით, სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სამინისტროს რეკომენდაციები.

მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით საგანმანათლებლო რესურსცენტრები სკოლებში სისტემატურ მონიტორინგს მიმართავენ და ადგილზე ეცნობიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას.

თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ამავე შესაძლებლობით სარგებლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.

მისივე განმარტებით, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ასეთ დროს სკოლა მიმართავს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ რეჟიმში თუ მთლიანად სკოლა.