„ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტისთვის პროკურატურის მიმართვას ბრიფინგით გამოეხმაურა.
ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არ იცის, რას უნდა ელოდოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან და მურუსიძის სასამართლოსგან.
„ვერ გეტყვით, ნამდვილად ვერ გეტყვით. „ქართული ოცნება“, რომელიც საკუთარ თავს ასაღებს ხელისუფლებად, რას მოიმოქმედებს, გააკეთებს თუ არა იმას, რაც მან ძალიან კარგად უკვე იცის და ემპირიულად გამოცდილება აქვთ, როგორ უნდა დააპატიმრონ საკუთარი კოლეგა, ფორმალურად მათ კოლეგად ვითვლები […] მურუსიძე, კობახიძე, ფარცხალაძე, ლაშა ნაცვლიშვილი და შალვა რამიშვილი არ მინდა, ჩემო კარგებო. არ მინდა, ასეთ ქვეყანაში იზრდებოდეს ჩემი შვილი.
…შეკითხვაზე, რას გააკეთებს „ქართული ოცნება“ – არ ვიცი. იმიტომ კი არა, რომ არ მინდა პასუხის გაცემა, არ მაქვს პასუხი უბრალოდ, არ ვიცი. მურუსიძე რას გააკეთებს, არ ვიცი. წესით და რიგით, გირაოს გირაოს გირაო უნდა დამაკისრონ?“, – განაცხადა მელიამ.
ნიკა მელიამ კიდევ გაიმეორა, რომ თავისი გადაწყვეტილების სიმართლეში დარწმუნებულია.
„არასოდეს ისე ამაყი არ ვყოფილვარ, როგორც ვარ ამ სიბინძურესთან ბრძოლისას. მართალი ადამიანი არის ძალიან ძლიერი ადამიანი და იმდენად ძლიერი ვარ, ასე მგონია, ტყვიაც რომ მესროლონ, მკერდით გავაჩერებ, იმიტომ რომ ჩემს უკან არის მხოლოდ ზნეობა, მორალი, სიმართლე და ამ ქვეყნის სიყვარული“, – განაცხადა მელიამ.
ნიკა მელიამ გადაწყვეტილების მოტივაციაზე, რატომ არ იხდის დაკისრებულ გირაოს, ვრცლად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ისაუბრა.
„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის თაობაზე პარლამენტს მიმართა, – ამის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
პროცედურის მიხედვით, პროკურატურის მიმართვა პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდება, ბიურო საკითხს განსახილველად დააწერს საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ კომიტეტებს. კომიტეტების დასკვნის შემდეგ უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, შეუჩერდება თუ არა დეპუტატის უფლებამოსილება ნიკა მელიას.