COVAX-ის გარდა, ვაქცინის დანარჩენი 2 მილიონ-ნახევარი დოზა სხვა მექანიზმებით უნდა მოვიძიოთ - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 1 400 000 ვაქცინის დოზაა დაახლოებით, რაც COVAX-დან ეკუთვნის საქართველოს, დანარჩენი 2 500 000 ქვეყანამ სხვა მექანიზმებით უნდა მოიძიოს.

„ჩვენი მთავარი მექანიზმი არის COVAX-ის პლატფორმა, თუმცა ამის პარალელურად მაინც არის კიდევ ორი მექანიზმი, რაც გვინდა, რომ გამოვიყენოთ, ერთი ეს გახლავთ ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა იმგვარად, რომ მათ ის შესყიდული ჭარბი დოზა, რომელიც შესაძლოა ამ ეტაპზე მათთვის არ იყოს აუცილებელი, გადმოგვცენ, შეიძლება იყოს შესყიდვის ან დონაციის სახით და ასევე, რა თქმა უნდა, მაინც ძალაშია ბილატერალური მოლაპარაკებაც, რადგან პირველი კვარტალია რთული ყველასთვის.

შემდეგ წარმოების მოცულობები გაიზრდება და უფრო მოგვიანებით მესამე, მეოთხე კვარტლისთვის უკვე შესაძლებელია, მეტი შანსი გაჩნდეს იმისთვის, რომ ჩვენ პირდაპირაც მოვიპოვოთ დოზები მწარმოებლებისგან.

1 400 000 დოზაა დაახლოებით, რაც ჩვენ COVAX-დან გვეკუთვნის, დანარჩენი 2 მილიონ-ნახევარი უნდა მოვიძიოთ სხვა მექანიზმებით და ეს მექანიზმი იქნება ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკება და პირდაპირი მოლაპარაკება მწარმოებელთან“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით,  ვაქცინა ქვეყანაში თებერვლის მეორე ნახევარში შემოვა და ვაქცინაციის პროცესი უკვე თვის ბოლოს დაიწყება. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ COVAX-დან პირველ ეტაპზე საქართველო 300 000 დოზას მიიღებს, რომლითაც დაახლოებით 15 000 მედიკოსს აცრიან.