„უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ თავისი თავი დაინახოს უძღებ შვილში, ვიდრე ეძიოს სხვა”, – ასე გამოეხმაურა მიტროპოლიტი პეტრე ცაავა პატრიარქ ილია მეორის განცხადებას მის შესახებ.
„ორი პატრიარქია. ერთი, რომელიც ადამიანებს მოწყალე მამად და ქრისტიანად აჩვენებს თავს და მეორე, რომელიც საქმეებით არის ულმობელი, უსამართლო და უკანონო. აქედან გამომდინარე, ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს თვითონ, რომელმა უნდა გაიმარჯვოს მასში…
მისი 44-წლიანი მმართველობიდან გამომდინარე, უსამართლო და უწმინდური მმართველობიდან გამომდინარე, ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ თავისი თავი დაინახოს უძღებ შვილში, ვიდრე ეძიოს სხვა. მეორე, რაც მნიშვნელოვანია, თუ მან მართლა ღვთის მადლით იქადაგა დღეს და დღესასწაულის მადლი შეეხო მას და ხელი გამოიწოდა, მაშინ პირველ რიგში გამოიყვანოს უდანაშაულო, ავადმყოფი პატიმარი დეკანოზი მამალაძე საპყრობილიდან, რომელიც მან ჩაასმევინა”, – განაცხადა პეტრე ცაავამ.
პატრიარქმა, ილია მეორემ მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას მიტროპოლიტ პეტრეს უძღები შვილი უწოდა და განაცხადა, რომ „უძღები შვილი დაბრუნდება, უძღები შვილის მამა გადიოდა გზაზე და ელოდებოდა თავის შვილს, ასევე ველოდებით ჩვენც შეცდომილ შვილებს“.