ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებს. საგარეო უწყება შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, მას შემდეგ რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას პარლამენტმა იმუნიტეტი შეუჩერა და სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მელიას შესაძლო დაკავება ამცირებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების შანსს და აჩენს კითხვებს შერჩევითი მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის შესახებ.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა ისინი ჩიხში შეიყვანოს და საზოგაოების კიდევ უფრო დაყოფა გამოიწვიოს. ასევე მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენებისგან. სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება მხოლოდ დააზიანებს ქვეყნის მომავალს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ისეთი ხელისუფლება სჭირდება, რომელსაც შეუძლია გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები ხალხის საკეთილდღეოდ.
„მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს საქართველოში, რომ უკან დაიხიონ წითელი ხაზებიდან, გამოიყენონ შესაძლებლობა სიტუაციის დეესკალაციისთვის და მოვლენების ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებისკენ, მოვუწოდებთ მათ, რომ დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგს“, – აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
დღეს, 18 თებერვალს პრემიერი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.
პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.
ოპოზიცია კრიზისიდან გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ფასილიტარორების ჩართულობით დაიწყოს მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.