რა გარანტიაა, რომ თქვენი ნათესავები ისევ არ დაფაცურდებიან? - ელისაშვილი ღარიბაშვილს

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრემიერობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს მისი ნათესავებისა და მათ შესაძლო კორუფციულ სქემებში ჩართულობასთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა. მანვე იკითხა, თუ რა გარანტია არსებობს იმისა, რომ ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერების შემთხვევაში „ეს ხალხი ისევ არ დაფაცურდება” და ღარიბაშვილისგან მხოლოდ საყვედურს არ მიიღებს.

„რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მე ვაფრთხილებდი ირაკლი ღარიბაშვილს, რომ მისი მთავარი პრობლემა იქნებოდა ნათესავებიო. შემდეგ თქვენც დაადასტურეთ, რომ თქვენი ერთ-ერთი პრობლემა, მართლაც, იყო ნათესავები და თქვით, რომ გარჩევებიც მქონდა ამ ხალხთან და ზოგიერთი მათგანი ჩვენთან სახლში ვერც მოდისო. 

თუ შეგიძლიათ, გვითხრათ, რატომ არ უშვებდით და არ უშვებთ ამ ხალხს სახლში? რა დააშავეს მათ? იყო თუ არა ეს ხალხი ე.წ. კახური კლანი? მედიაში ასე მოინათლა ეს ხალხი. იყვნენ თუ არა ისინი ჩართულები კორუფციულ სქემებში? და თუ კორუფციულ სქემებში იყვნენ ჩართულები, რამდენად ადეკვატურია, რომ უბრალოდ სახლში არ უშვებთ ამ ხალხს, იქნებ მათ სისხლის სამართლის წესით უნდა ეგოთ პასუხი? ან რა გარანტიაა, რომ თქვენი პრემიერობის შემთხვევაში, როგორც თქვენი წინამორბედი პრემიერი იტყოდა, ქართულ -ჯიგრულ -ნათესაურ პონტში, ისევ არ დაფაცურდება ეს ხალხი და სულ მცირე თქვენგან ისევ საყვედურს არ მიიღებს. რა გარანტია გვაქვს ჩვენ, ქვეყნის მოქალაქეებს ამის”, – ჰკითხა ელისაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს.