არ დაგიმალავთ, რომ მოსალოდნელიც იყო მწვავე რეაქციები პარტნიორებისგან - მდინარაძე

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამერიკის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მოსალოდნელი იყო მწვავე რეაქციები პარტნიორებისგან.

„არ დაგიმალავთ, რომ მოსალოდნელიც იყო მწვავე რეაქციები ჩვენი პარტნიორებისგან, ჩვენი მეგობრებისგან. რომ ავხსნათ, რით შეიძლება ეს გამოწვეული იყოს, მათ სცადეს და ნაწილობრივ გამოუვიდათ, რომ დღეს დაკავებული იქნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. როდესაც ამ ნიუსს მიიღებ ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან, რა თქმა უნდა, ეს ნეგატიური ინფორმაციაა, მაგრამ როგორც კი გაერკვევი, რომ ამის იქით დგას მისი ძალადობა სახელმწიფოს წინააღმდეგ, მისი კანონის ჩარჩოებიდან გასვლა, უკვე ბევრი კითხვის ნიშანი აღარ არის ამ საქმესთან დაკავშირებით“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

მისივე თქმით, პარტნიორებთან კიდევ უფრო მეტია სამუშაო, რომ ეს ინფორმაციები დეტალურად მივიდეს ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის განცხადებაც შეაფასა და განაცხადა, რომ ომბუდსმენს პასუხის გაცემა მოუწევს, თუ რა იყო ასეთი ემოციური განცხადების საფუძველი.

„სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში ანგარიშით უნდა წარდგეს პარლამენტის წინაშე. მას მოუწევს, პასუხის გაცემა შეკითხვაზე: რით იყო მისი ეს განცხადება გამოწვეული? მაშინ როდესაც სამართლებრივი და ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა, იმ ძალიან კარგად დაგეგმილ და ჩატარებულ ღონისძიებას შსს-ს მიერ, რაც დღეს განხორციელდა, დაზიანებების, რისკის მაქსიმალური დაზღვევით.

რაც შეეხება სახალხო დამცველს მას შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. თავისი სამართლებრივი არგუმენტებით და მისი განცხადების მოტივთან დაკავშირებით. ჩვენ მას ამ კითხვებს საქართველოს პარლამენტში დავუსვამთ“, – განაცხადა მდინარაძემ.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა.

შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.