ჩვენ გვინდა ამ ხალხის შერიგება - იაგო ხვიჩია მიმდინარე ამბებზე

პუბლიკა

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ეთერში ამბობს, რომ ქვეყანაში ბრძოლა მიდის ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად მიდის, ყოველგვარი იდეის გარეშე.

„სამართლებრივი მექანიზმი სულ არსებობდა იმისთვის, რომ ნიკა მელიას საქმე აქამდე არ მისულიყო. უბრალოდ, საქმე იმაშია, რომ ხელისუფლებამ პირიქითა სამართლებრივი მექანიზმი გამოიყენა. მას უნდა, რომ  „ნაციონალური მოძრაობა“ გაანადგუროს ნიკა მელიას დაჭერით და სინამდვილეში, ამით აძლიერებს გუნდს და თამაშობს მიხეილ სააკაშვილის თამაშს.

ახლა ბრძოლა მიდის ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ყოველგვარი იდეის გარეშე, ამას ხედავენ ჩვენი პარტნიორები, ძალიან ზუსტად იციან, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს იდეა, რომლის გამოც ვინმე იბრძვის. ეს არის ბრძოლა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად, ამიტომ არსებობს რისკი იმისთვის, რომ საერთოდ ფეხებზე დაგვიკიდონ როგორც ქვეყანა. არავინ არ იბრძვის იდეებისთვის, არამედ იბრძვის ტახტის ხელში ჩასაგდებად, რომ იქ იჯდეს დიდი ხნის განმავლობაში.

პარტია „გირჩი“ არის შერიგების მხარეს,  ჩვენ გვინდა ამ ხალხის ერთმანეთთან შერიგება და გვჯერა, რომ ეს არის ერთადერთი გზა. ესენი აუცილებლად შერიგდებიან, უბრალოდ გააჩნია, როგორ შერიგდებიან,“ – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ „კურიერთან“. 


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა.

შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.