შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა! - მიხეილ სააკაშვილი აქციის მონაწილეებს

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვას ავრცელებს. ექსპრეზიდენტის თქმით, მელიას დაკავება „ქართული ოცნების“ დამარცხებას ნიშნავს და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ციხეს მალე დატოვებს.

„მინდა მივესალმო ჩემს ხალხს, ვინც დღეს შეიკრიბა თბილისში კანცელარიასთან. მინდა ვთქვა და ამაში ვარ დარწმუნებული, რომ ნიკა მელია გამოვა ძალიან მალე და ვინც დაიჭირა და ვინც ახლა ქართველ ხალხზე ძალმომრეობას ახორციელებს, ისინი ჩაჯდებიან ძალიან დიდი ხნით.

თვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი იაღლიში მოგივიდათ დღეს და როგორ დამარცხდით. ბევრად უფრო მწარედ დამარცხდით, ვიდრე გასული წლის ოქტომბრის არჩევნებში. ჩვენი საქმე არის მართალი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ახლა არის მთავარი მობილიზაცია, მთელ საქართველოში ფრონტის გაშლა. შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა!

ივანიშვილს უკვე პრაქტიკულად არანაირი პერსპექტივა არ აქვს, თუ ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე. აბა თქვენ იცით!“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაში.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა.

შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.