ავჭალის სარაგბო ბაზასთან მორაგბეებს შორის შეხლა-შემოხლა იყო

პუბლიკა

ავჭალის სარაგბო ბაზასთან მორაგბეებს შორის შეხლა-შემოხლა იყო.  სიტყვიერად ერთმანეთს ირაკლი აბუსერიძისა და სოსო ტყემალაძის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ირაკლი აბუსერიძე და სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის იბრძვიან.

დღეს, 24 თებერვალს გაიმართება რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა, რომელზეც კავშირის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.

პრეზიდენტობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, იოსებ ტყემალაძემ ტყუილით მოიპოვა სარაგბო კლუბების მხარდაჭერა, რის შედეგადაც ის წარდგენილია პრეზიდენტობის კანდიდატად.

„24 თებერვალს, ქართული რაგბისთვის არაკეთილმოსურნე ხალხი, ყველა ჩვენი წარმატების, ყოველი დადებული ლელოს, გულშემატკივრის სიხარულის, მუხლჩაუხრელი შრომის, ვარჯიშის, ბრძოლის წყალში ჩაყრას შეეცდება! ერთ, რაგბთან არაფერ შუაში კაცს – მშენებელ იოსებ ტყემალაძეს, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის უკანონოდ გაფორმება სურს (ალბათ, ისიც კი არ იცის, ლელო რამდენი ქულაა). მივმართავ ყველა იმ სარაგბო კლუბს, ვინც მშენებელი იოსებ ტყემალაძე კანდიდატად წარადგინა. მივმართავ ამ კლუბების ადმინისტრაციას და მორაგბეებს: მე და ჩემი გუნდი გაგებით ვეკიდებით თქვენს გადაწყვეტილებას, რადგან კარგად ვიცით, როგორი ზეწოლისა და მუქარის პირობებში გიწევთ ამ ნაბიჯის გადადგმა, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: ყველასთვის საბედნიეროდ, მშენებელი იოსებ ტყემალაძე, ხვალ რაგბის კავშირის პრეზიდენტი ვერ გახდება“, – განაცხადა გუშინ ირაკლი აბუსერიძემ.


რაგბის კავშირში დაძაბულობა თვეებია გრძელდება და ის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით დაიწყო. ირაკლი აბუსერიძე 2020 წლის 30 დეკემბერს აირჩიეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად, მაგრამ პროცესს არალეგიტიმურად მიიჩნევდა პრეზიდენტობის მაშინდელი კანდიტატი ბაჩო ხურციძე, რომელმაც საჯარო რეესტრს მიმართა, რომ არჩევნები არ დაკანონებულიყო. აღნიშნულის შემდეგ, 7 იანვარს ირაკლი აბუსერიძეს საჯარო რეესტრში რეგისტრაცია  შეუჩერდა.

8 თებერვალს საჯარო რეესტრმა გაავრცელა განცხადება, რომ „საჯარო რეესტრმა „საქართველოს რაგბის კავშირის“ წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ირაკლი აბუსერიძეს უარი ეთქვა რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე, ასევე, უარი ითქვა გამგეობის ახალი წევრების დარეგისტრირებზეც.

„საჯარო რეესტრმა მისთვის კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, „საქართველოს რაგბის კავშირის“ წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ირაკლი აბუსერიძეს უარი ეთქვა რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე, ასევე, უარი ეთქვა გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაციაზე; ორივე შემთხვევაში კი, მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ არც პრეზიდენტობის და არც გამგეობის წევრობის კანდიდატებს არ მიუღიათ ხმების ის რაოდენობა, რაც წესდებითაა მოთხოვნილი“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში

უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარე პროცესების პარალელურად აქციებს მართავენ ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ირაკლი აბუსერიძის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია.

„30 დეკემბერს ჩვენი გუნდის, საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთანავე ვიგრძენით წნეხი იმ ადამიანებისგან, რომლებისთვისაც ცხადია, რომ აბუს [ირაკლი აბუსერიძის] გუნდი და ნეპოტიზმი, კორუფცია, ფულის შოვნა არათავსებადია“, – აცხადებდნენ აბუსერიძის მხარდამჭერები.