უნდა მოხდეს ეროვნული თანხმობის დოკუმენტის გაფორმება - ხაზარაძე

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის,  შარლ მიშელის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერებმა მედიასთან შეხვედრის შესახებ ისაუბრეს.

პარტია „ლელოს“ დამფუძნებელმა და ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ კრიზისზე. მისი თქმით, იმედი აქვს, პოლიტიკური პროცესი საერთაშორისო პარტნიორების მოდერატორობით წარიმართება.

„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო, ავუხსენით შექმნილი სიტუაცია, თვითონაც ინფორმირებული იყო ამის შესახებ. ბუნებრივია, მადლობა გადავუხადეთ იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს უწევს.

ჩემი კონკრეტული შეთავაზება იყო პროცესი მედიაციიდან გადავიდეს კონკრეტულ მოდერატორობაში, რომ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდეს ეს დიალოგი. აქვე დავაფიქსირეთ, რომ ოპოზციას არასდროს უარი არ უთქვამს დიალოგზე.

ვუთხარით და ხაზი გავუსვით, რომ ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში, ეკონომიკურ კრიზისში, პანდემიურ კრიზისში.  ქვეყანა არის გაყოფილი ორად. საზოგადოება არის დაპირისპირებული, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რათა მომავალში წინ ვიაროთ და სახლწმიფოებრივი მშენებლობა გავაგრძელოთ, არის რიგგარეშე არჩევნები. სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ ამ არჩევნების –  ეს შეიძლება გადიოდეს პლებისციტზე, ან პირდაპირ დანშვნაზე. ვისაუბრეთ ასევე, რომ უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა.

ეს იყო ძირითადი,  მე იმედი მაქვს რომ ეს იქნება ყურადღებული და ამ პროცესში მივიღებთ სერიოზულ მედიატორულ ჯგუფს“, – განაცხადა მან.

„ლელოს“ ლიდერის თქმით, უნდა მოხდეს ეროვნული თანხმობის დოკუმენტის გაფორმება.

„ჩვენ გვჭირდება დიალოგი, ჩვენ გვჭირდება გაერთიანება ჩვენი ქვეყნის გარშემო. მე მგონი ესეც ყურად იღეს, რომ საბოლოო ჯამში, როცა დამთავრდება ყველა ეს საკითხი, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არის წარმოშობილი დიდი ეროვნული თანხმობის დოკუმენტზე ხელმოწერით გაფორმდეს”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისში გუშინ, 28 თებერვალს ჩამოფრინდა. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრს. ასევე იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან.