ელისაშვილი: პირდაპირი მოწოდება იყო, რომ ორივე მხარე უნდა მოეშვას პროვოკაციებს

პუბლიკა

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, შარლ მიშელის მედიაციით დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა იგეგმება და ის სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

მისი თქმით, დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის ბოლოს შარლ მიშელმა ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰკითხა იყვნენ თუ არა მზად დღეს ხელისუფლებასთან შესახვედრად.

“მზაობა დაადასტურა თითქმის ყველამ.” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა ტვ “პირველის” ეთერში.

ალეკო ელისაშვილის შეფასებით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.

“ასეთ დროს სულ ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე ასეთი მეგობრები რომ ჰყოლოდა ჩვენს ქვეყანას 90 -იანი წლების დასაწყისში როგორი კარგი ქვეყანა ვიქნებოდით და არ დაგვატყდებოდა ის რაც ქართველმა პოლიტიკოსებმა ერთმანეთს დაატეხეს უკომპრომისობით. ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ძალიან კარგი საუბარი იყო და პირდაპირ იყო დაუფარავად მოწოდება, რომ ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე და ორივე მხარე უნდა მოეშვას პროვოკაციებს და წავიდეს კომპრომისზე.” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და პოლიტიკურ ლიდერებს მისი მედიაციით შეხვედრაზე იწვევს.