ვაქცინაციის საბჭო მზად არის, განიხილოს ანტიკორუფციული კუთხით შეთავაზებული წინადადებები - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებას უპასუხა.

მინისტრის მოადგილის თქმით, გეგმაზე მუშაობის პროცესი წარმომადგენლობითი იყო, დოკუმენტი არის „ცოცხალი“ და მისი განახლება დაგეგმილია.

გაბუნიას თქმით,  სახელმწიფო მზადაა, გაითვალისწინოს არასამთავრობო ორგანიზაციის წინადადებები, თუ ისინი დამატებითი მექანიზმების გათვალისწინებას მიიჩნევენ საჭიროდ.

„ვაქცინაციის საბჭო, რომელიც წარმომადგენლობითი ორგანოა და იქ არიან როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მზად არის განიხილოს ის წინადადებები, რომლებიც ანტიკორუფციული კუთხით იქნება შემოთავაზებული, რადგან კორუფციის რისკი პანდემიის პირობებში ვაქცინებთან მიმართებით მაღალია და მეც გუშინაც ვახსენე, რომ სამინისტრომ აქამდეც მიიღო შემოთავაზება შუამავლებისგან, რომლებიც ვერ ადასტურებენ კავშირს მომწოდებელთან. რა თქმა უნდა, ასეთი რისკებისგან გადაზღვევა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ (TI) შეისწავლა COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა და დაადგინა, რომ გეგმაში არაა შეფასებული კორუფციული რისკები და არაა გათვალისწინებული არაკეთილსინდისიერი ქმედებების საწინააღმდეგო ღონისძიებები. ამის შესახებ ორგანიზაციამ განცხადება დღეს გაავრცელა.

TI წერს, რომ კორუფციის რისკების წინასწარ არგათვალისწინებამ შესაძლოა პრობლემები და შეფერხებები შეუქმნას იმუნიზაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს.

ორგანიზაციის ცნობით, არაკეთილსინდისიერი ქმედებების რისკი ნამდვილად არსებობს და მას სამი ძირითადი გარემოება განაპირობებს:

  1. მოთხოვნადი და ძნელად ხელმისაწვდომი პროდუქტის არსებობა – საქმე გვაქვს მოთხოვნად პროდუქტთან – Covid 19-ის ვაქცინასთან, რომლის მოსაპოვებლად ადამიანთა ნაწილმა შესაძლოა წესების დარღვევის გზას მიმართოს;
  2. უფლებამოსილების განაწილება მრავალ ადამიანზე/დაწესებულებაზე – იმუნიზაციის პროცესის მასშტაბიდან გამომდინარე აუცილებელია უფლებამოსილების განაწილება მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალ ადამიანსა და დაწესებულებაზე. უფლებამოსილ პირთა რაოდენობის ასეთი ზრდა შესაბამისი საპრევენციო ზომების გარეშე ზრდის კორუფციული დარღვევების რისკს.
  3. იმუნიზაციის სისტემაში დამატებით გარე პირთა ჩართვა – როგორც გეგმაშია აღნიშნული, დასახული მიზნის მისაღწევად საჭიროა იმუნიზაციის სისტემის არსებული შესაძლებლობის (აცრების რაოდენობა) თითქმის გაოთხმაგება. ეს ნიშნავს, რომ ვაქცინაციის პროცესში საჭირო იქნება დამატებით ისეთი ადამიანების ჩართვა, რომლებისთვისაც ახალი იქნება იმუნიზაციის ანდა სამედიცინო სფერო, რამაც შესაძლოა გაზარდოს არაკეთილსინდისიერი ქცევის რისკი.

„იმუნიზაციის პროცესის მასშტაბისა და მრავალეტაპიანობიდან გამომდინარე მაინც არსებობს კორუფციისადმი შედარებით მეტად მიდრეკილი ეტაპები, რომელთა წინასწარი გამოვლენა აუცილებელია. მაგალითად, რა ხდება, თუ:

  • რომელიმე მოქალაქე გადაწყვეტს ნაცნობობის, ქრთამის, გავლენის ან თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით ვაქცინის დროზე ადრე მოპოვებას?
  • იმუნიზაციის რომელ ეტაპზეა ამის ყველაზე მეტი რისკი?
  •  და არის თუ არა მოფიქრებული ასეთი შემთხვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მექანიზმები?

ის ფაქტი, რომ ვაქცინაციის გეგმაში არ არის ნახსენები კორუფციისა და არაკეთილსინდისიერი ქმედებების ამგვარი რისკები,  იმაზე მიანიშნებს, რომ ამ რისკების შეფასება არ მომხდარა და მათი შესაძლო პრევენციის მექანიზმების მოფიქრების სამუშაო არ ჩატარებულა.

ამის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ იმუნიზაციის პროცესში კორუფციის რისკების შესამცირებლად აუცილებელია, რომ:

  • ვაქცინაციის დანერგვის ეროვნულ გეგმას დაემატოს კეთილსინდისიერების კომპონენტი/თავი, რომელიც დაეფუძნება კორუფციული რისკების შეფასებას და რომელშიც გაწერილი იქნება როგორც ამ რისკების შემცირების ზომები, ისე დარღვევების დადგენის შემთხვევაში გამოსაყენებელი შესაბამისი სიმკაცრის სანქციები.
  • დაინერგოს იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებული დარღვევების მხილების და ასეთ დარღვევებზე რეაგირების მექანიზმი. დარღვევების მხილება შესაძლებელი უნდა იყოს ამცრელებისთვის მოქმედი ცხელი ხაზის საშუალებით, სადაც მამხილებელთა ანონიმურობა სრულად იქნება დაცული.
  • იმუნიზაციის გეგმით გათვალისწინებულ ტრენინგებს უნდა დაემატოს კეთილსინდისიერების კომპონენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება კორუფციის რისკების შეფასების შედეგებზე და ტრენინგის მონაწილეებს მიაწვდის ინფორმაციას, რა უნდა მოიმოქმედონ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში.
  • იმუნიზაციის პროცესი წარიმართოს სრული გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით, რათა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს ჰქონდეს პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა. ეს გულისხმობს, როგორც ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა კონტრაქტის (მაგ: ვაქცინების, სახარჯი მასალების, იმუნიზაციის სერვისების შესყიდვა და ა.შ.) გამოქვეყნებას, ისე აცრილი მოსახლეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის დროულად გასაჯაროებას.

COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა განახლებადი დოკუმენტია; დოკუმენტის თანახმად, ახალი ინფორმაციის მიხედვით მათი პერიოდული შეცვლა  და გეგმის ადაპტირება იგეგმება. იმედს გამოვთქვამთ, რომ ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე მოხდება კორუფციის რისკების შეფასება და საპრევენციო მექანიზმების დანერგვა, რათა არაკეთილსინდისიერმა ქმედებებმა და კორუფციამ ვერ შეძლოს იმუნიზაციის პროცესის დაზიანება“, – წერს „გამჭვირვალობა“.