გაბუნია: ვფიქრობთ, COVAX-თან გუშინდელი გაუგებრობა ამოწურულია

პუბლიკა

„რაც შეეხება კოვაქსთან თანამშრომლობის ნაწილს, რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, ჩვენც გვაქვს უფლება, გამოვხატოთ ჩვენი უკმაყოფილება  გარკვეულ ასპექტებთან დაკავშირებით. ეს კომუნიკაცია  მოხდება კოვაქსთანაც და კოვაქსის პარტნიორებთანაც, რომელიც გახლავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ვაქცინების გლობალური ალიანსი, ეს არის სამუშაო პროცესი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გუშინდელი გაუგებრობა ამოწურულია და თანამშრომლობა გაგრძელდება მიმდინარე რეჟიმში“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა თამარ გაბუნიას ეკატერინე ტიკარაძის განცხადების შესახებ ჰკითხა – არის თუ არა სწორი გადაწყვეტილება კოვაქს-პლატფორმისთვის ჩივილი ან მინისტრის მხრიდან, ამ განცხადების გაკეთება იყო თუ არა სწორი პოლიტიკური ნაბიჯი?


ჯანდაცვის მინისტრის, ეკა ტიკარაძის თქმით, კოვაქსპლატფორმას, ჯანდაცვის სამინისტრომ წერილობით პასუხი მოსთხოვა და არ გამორიცხავს, რომ საქართველომ კოვაქსპლატფორმას უჩივლოს. ამის შესახებ მინისტრმა „დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.

„ჯანდაცვის სამინისტრომ დღესვე მიმართა კოვაქსპლატფორმას და ჩვენ მოვთხოვეთ მათ პასუხი, თუ რატომ გაეცა, „ინტერპრესნიუსს” მსგავსი პასუხი. ვინაიდან, ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ კოვაქსპლატფორმასთან 18 სექტემბრის მერე, მსგავსი გადაცდომა მათი მხრიდან და აღნიშვნა არ ყოფილა რომ ჩვენ, რაიმე შეცდომა დავუშვით.

კოვაქს პლატფორმა ერთხელ უკვე მოხდა მსგავს გაუგებრობაში ბოსნიასთან, რის გამოც ბოსნიამ კოვაქსს უჩივლა.

ამ ეტაპზე, ველოდებით მათგან განმარტებებს, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე, ვინაიდან, მსგავსი ფაქტი ნამდვილად არ ყოფილა და ამის შემდეგ განვაგრძობთ კომუნიკაციას.

გამომდინარე იქიდან, რომ აქ საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, ჩივილსაც არ გამოვრიცხავ, ვინაიდან, ეს ყველაფერი საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციის მხრიდან გამნოყენებულია იმის ესკალაციისთვის, რომ საქართველოში მოხდეს დიდი დაძაბულობა და ესკალაცია.

არ დავუშვებთ, რომ ოპონენტებმა ისარგებლონ ამ ბრალდებით”, -აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.