ჩემს ადგილს ყველგან ვიპოვი, ბოლო-ბოლო სიმღერებს დავწერ - ინაშვილი

პუბლიკა

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გამართულ შემთხვევაზე არავითარი დოკუმენტი არ შემდგარა, ჩამოიწერა მხოლოდ ის თეზისები, რომლებზეც პოლიტიკური კრიზისის მონაწილე მხარეებმა უნდა იფიქრონ.

ინაშვილის თქმით, პარლამენტი არღვევს კონსტიტუციას, კანონსა და რეგლამენტს იმით, რომ არ უჩერებს უფლებამოსილებას ოპოზიციონერ დეპუტატებს. მისი თქმით, ამის გამო ოპოზიციის წევრები არიან „სრულფასოვანი დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში“ და ეს ხელს აძლევს როგორც მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციას.

„ახლა „ოცნება“ ხომ არღვევს კანონს, ოპოზიციაც ეხმარება ამ კანონის და კონსტიტუციის დარღვევაში, მაგრამ სინამდვილეში იცით, რა ხდება? ეს რეჟიმი ორივე მხარეს აწყობს. ამაშია პოლიტიკური სიწუწკე, რაზეც ღიად უნდა ვილაპარაკოთ. სიწუწკე იმაშია, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს, თეორიულად ეს დეპუტატები არსებობდნენ და არიან პარლამენტში, მეორე მხრივ, ამ ოპოზიციას აწყობს ეს რეჟიმი, იწელება დრო და რჩებიან… მე ხომ მომიხსნეს? რატომ არ იჩენენ პრინციპულობას? მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, მოიხსნან და მე გამოსავლის გზაზე გადავდივარ – უმალ დაინიშნებოდა ახალი არჩევნები“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა TV პირველთან.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი მიშელი დიალოგის და შეთანხმების გააზრებაზე კი არა ისაუბრებდა, პირდაპირ ახალ არჩევანს განიხილავდნენ.

ინაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილის პარტიას ყველაფერი მისცა“, მათ შორის, ადგილები პარლამენტში. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის მტკიცებით, ისინი შეთანხმებულები იყვნენ კოალიციურ მთავრობაზე და „მაგათი გაბუტვის რეალური მიზეზი ეგ არის“.

„თქვენ გგონიათ, ამას მალავენ სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლები? პირდაპირ იმ მოლაპარაკების მაგიდასთან უსვამენ ხაზს, რომ  ჩვენ შეთანხმებული ვიყავით კოალიციურ მთავრობაზე და თქვენ გადაგვაგდეთო“, – თქვა ინაშვილმა. მისი თქმით, მიშელთან შეხვედრაზე აკაკი მინაშვილმა ეს ღიად თქვა.

ინაშვილის განცხადებით, ამ შეთანხმების დარღვევის შემდეგ მოლაპარაკების საკითხებს შორის ძალთა გადანაწილების პუნქტი გაჩნდა.

„ეს ამათი შემოგდებული პუნქტია. პარლამენტში ერთობლივ მმართველობაზე მიდის ვაჭრობა“, – ამბობს ინაშვილი.

ირმა ინაშვილის მტკიცებით, ერთადერთი გამოსავალი ახალ არჩევნებშია.

„ახალი არჩევნები აუცილებლად დაინიშნება. გაძლიერდება, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ზეწოლა, მაგრამ ამ ვითარებაში მნიშვნელოვანი იყო თვითონ ის ფაქტი, რომ  ასეთი მაღალი რანგის პრეზიდენტი ჩაერთო მოდერაციის როლში. დაინიშნება ეს არჩევნები. მე მივმართე პრემიერს, რომ კარგი იქნება, გააცნობიერონ სიმძიმე მთელი ამ ვითარების და დავიწყოთ ახალ არჩევნებზე საუბარი და მზადება“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციის აქციაზე ბევრი ხალხი იმიტომ არ დადის, რომ მათ არ ჰყავთ მხარდამჭერები.

„ეს მითიური მხარდამჭერები, ავატარები „ქართულმა ოცნებამ“ შეუქმნა მათ. ასე გააყალბეს არჩევნები ჩვენს საწინააღმდეგოდ. იცით, რატომ? „ქართული ოცნება“ ჰპირდებოდა სააკაშვილის პარტიასა და სხვებს რომ აი ამათ გავწევ, გავანადგურებ და სამაგიეროდ იქნებით პარლამენტშიო. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ერთმანეთი! ერთმანეთის ღირსია ეს ორი პოლიტიკური მინდორი. მე მინდა, ხალხი დაფიქრდეს ამაზე, თორემ მე ჩემს ადგილს ყველგან ვიპოვი, პოლიტიკაშიც, ჟურნალისტიკაშიც და ბოლო-ბოლო სიმღერებს დავწერ, რა!“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.