„ეს ოფიციალური დოკუმენტი არაა, მოთხოვნების ჩამონათვალია, რომლებსაც აქამდეც აყენებდნენ" - მდინარაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის დროს შედგენილი 6-პუნქტიანი დოკუმენტის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, 6-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელშიც პოტენციური ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების საკითხებზე არის ჩანაწერი, ოფიციალური არ არის და იქ მხოლოდ მოთხოვნების ჩამონათვალია, რომელსაც ოპოზიცია აქამდეც აყენებდა.

„რაც შეეხება იქ ჩამოთვლილ პუნქტებს, რომელშიც მათი მოთხოვნებია თავმოყრილი, ერთ ფურცელზე ამოიბეჭდა. ეს ოფიციალური დოკუმენტი არაა, ეს ჩამონათვალია მოთხოვნების, რომლებსაც აქამდეც აყენებდნენ. აქედან შედეგი თუ ის გამოვა, რომ მათ მოუწიოთ საბოლოო ჯამში, რომ თუნდაც ერთი ნაბიჯი მაინც გამოდგან იმისკენ, რომ საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ უკვე ჩნდება შეთანხმების შანსი. დღემდე ვერ დამისახელებთ ვერცერთ ნაბიჯს, ან წინადადებას მათი მხრიდან, რაც შეიძლება ჩაითვალოს კონსტრუქციულად და კომპრომისად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შარლ მიშელის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 2 მარტს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრაზე შედგა 6-პუნქტიანი დოკუმენტი, სადაც მხარეებს შორის განსახილველი საკითხებია ჩამოთვლილი. ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, აღნიშნულ საკითხებზე პროგრესის მისაღწევად მხარეებს ორკვირიანი ვადა აქვთ, რადგან ირაკლი ღარიბაშვილს 16 მარტს ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში აღნიშნული საკითხების გარშემო მიღწეულ პროგრესზე საუბარი ევროპელ მეგობრებთან მოუწევს.