ყველა ცხარე კითხვას უნდა გაეცეს პასუხი - ღარიბაშვილი ნამახვანჰესზე

პუბლიკა

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნამახვანჰესის შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ მოსახლეობის კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს უთხრა, რომ ისინი ხვალვე გაემგზავრონ რეგიონში და ადგილზე უპასუხონ მოსახლეობის შეკითხვებს.

„მინდა, გამოვეხმაურო ნამახვანჰესთან დაკავშირებით შექმნილ მოსახლეობის წუხილს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში გაჩნდა. კითხვები, რა თქმა უნდა, არსებობს და ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, დასაბუთებული, კვალიფიციური, პროფესიონალური პასუხი. მნიშვნელოვანია, მოსახლეობაში გაჩენილ ამ შეკითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი, ამიტომ მე მინდა, ვთხოვო ქალბატონ თურნავას და ბატონ დავითაშვილს ჩავიდნენ ადგილზე, ხვალ მაგალითად.

დაიწყეთ უშუალო კომუნიკაცია მოსახლოებასთან, აუხსენით და გაეცანით, რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილები. ასევე ვთხოვ მინისტრებს, გამართონ საკომიტეტო მოსმენები პარლამენტში და იქ  შეიძლება მოვიწვიოთ დაინტერესებული პირები და ყველა ცხარე კითხვას გაეცეს პასუხი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს დაცული „ოქროს შუალედი”.

„კარგად მოგვეხსენება, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ ადეკვატურად. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია.

პროგნოზები, რომლებიც არსებობს ენერგეტიკული მიმართულებით, არის შემდეგი, რომ ყოველ წელს მინიმუმ საშუალოდ 100 მეგავატი სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხდება და არ ხორციელდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, აქ უნდა ვიპოვოთ ჩვენ ოქროს შუალედი და ამ ოქროს შუალედის გამოსაძებნად აუცილებელია კომინიკაცია მოსახლეობასთან, რომ არცერთ კითხვაზე არ დარჩეს პასუხი გაუცემელი“, – განაცხადა პრემიერმა.