მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს სააკაშვილი არ იღებს - ხოშტარია

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კომენტარს, რომ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტის მოდელზე დათანხმება არ შეიძლება, პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია გამოეხმაურა. ხოშტარიას თქმით, ოპოზიცია პრინციპულ საკითხებზე დათმობას არ აპირებს, თუმცა მოლაპარაკებაში ტაქტიკას ისინი აირჩევენ, ვინც მასში მონაწილეობენ.

„არაფერს არ დავთმობთ პრინციპულს, პოლიტპატიმრები გამოვლენ და ვადამდელი იქნება, დანარჩენი ტაქტიკის ამბავია, რომელიც ჩვენ კისერზე და ტყავზე გადადის. მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს“, – წერს ელენე ხოშტარია Facebook-ზე.

ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების იდეამ, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი ამბობს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ გაიჟღერა. რასაც დღეს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და განაცხადა, რომ პლებისციტის მოდელზე დათანხმება არ შეიძლება.

„ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, რომელსაც თავს გვახვევს ივანიშვილი. პლებისციტის თემა არის ის თემა, რომ მას უნდა ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, სადაც ის დახარჯავს ბევრ ფულს, ბევრს მოისყიდის, ჩაატაროს პლებისციტი“, – განაცხადა ექსპრეზიდენტმა.